• Geo
  • Eng
01.04.2024
ფუტსალის ლიგა 2 | გამარჯვება პირველ ნახევარფინალურ დაპირისიპირებაში
დინამო თბილისის ფუტსალის გუნდმა ლიგა 2-ის პლეი-ოფის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი გამართა და რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული საქართველოს უნივერსიტეტი, დამაჯერებელი ანგარიშით - 4:2 დაამარცხა.
 
მატჩი დინამოელთა აქტიურობით დაიწყო და კახაბერ მაისაიას გუნდმა მეტოქეს სამი სწრაფი გოლი გაუტანა. შედეგიანი დარტყმები პრედრაგ რაიჩის, კახა მაღლაკელიძისა და გიგა ლაგაზაშვილის ანგარიშზეა. დინამომ მეტოქის კარში მეოთხე გოლის გატანა ტაიმის მიწურულს მოახერა - ბურთი საკუთარ ანგარიშზე ლაშა-გიორგი ობოლაძემ ჩაიწერა. დარჩენილ დროში მეტოქემ, მხოლოდ ორი ბურთის გაქვითვა შეძლო და საბოლოოდ მატჩი ლურჯ-თეთრების გამარჯვებით დასრულდა.
 
 
გამარჯვების შემდეგ, ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი დინამოს მეკარემ - ლუკა ხარშილაძემ შეაფასა:
 
„ძალიან დაძაბული თამაში იყო. პირველ ტაიმში უფრო მეტი ენერგია გვქონდა. მერე დავიღალეთ და ამან იქონია გავლენა. რადგან მიგვყავდა ანგარიში, უფრო უკნიდან დავიწყეთ თამაში. აქედან გამომდინარე იყო, რომ მხოლოდ პირველ ტაიმში გავიტანეთ ის ოთხი გოლი. სწრაფი ბურთები ძალიან დაგვეხმარა, რადგან ფსიქოლოგიურად  წინ გავედით. პირველი ტაიმი ჩვენი უპირატესობით წავიდა და ჩვენ ვმართავდით თამაშს. ბოლო ათი წუთი დაახლოებით ხუთით გვიტევდნენ და ასეთ დროს რთულია ბურთი დაიჭირო. UG-ს მადლობა, ძალიან საინტერესო მატჩი იყო მაყურებლისთვისაც. განმეორებით შეხვედრაში ამაზე რთულ თამაშს ველოდებით, მაგრამ ჩვენ „დინამო“ ვართ და მზად ვართ გავხდეთ ჩემპიონები“.
 
დინამოსა და საქართველოს უნივერსიტეტს შორის განმეორებითი შეხვედრა არენა 2-ში 6 აპრილს გაიმართება. ნახევარფინალურ ეტაპზე სერია ორ მოგებამდე გრძელდება. ფუტსალის ლიგაში ასპარეზობის უფლებას, ლიგა 2-ის ჩემპიონი მოიპოვებს, ფინალისტი კი, პლეი-ოფის გზით შეეცდება მთავარ ლიგაში მოხვედრას. 
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024