• Geo
  • Eng
27.03.2024
დაუვიწყარი დღე

2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით შევა ქართული ფეხბურთის, სპორტის და მთლიანად - ქვეყნის ისტორიაში. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რამდენიმე თაობის ოცნების რეალიზება მოახდინა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრები გუნდი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ვილის სანიოლის გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ფინალში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა, გადამწყვეტ შეხვედრას კი პირთამდე სავსე დინამო არენამ უმასპინძლა. დაძაბული და ფინალისდარი შეხვედრა დამატებითი დროის ჩათვლით 0-0 დასრულდა, ხოლო მატჩისშემდეგომ პენალტების სერიაში საქართველომ საბერძნეთს 4-2 აჯობა.

 

ჩვენთვის ორმაგად სასიამოვნოა, რომ ამ ეპოქალური გამარჯვების მომტანთა სიაში უმეტესობა დინამოელია. ჩვენი აკადემიის აღზრდილი ან სხვადასხვა დროს ლურჯ-თეთრი დედაქალაქური ფორმით მყოფი ფეხბურთელი: გიორგი ლორია, გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი, გურამ კაშია, გიორგი გველესიანი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლევან შენგელია, ოთარ კიტეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, ჯაბა კანკავა, ანზორ მექვაბიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქვილითაია და ხვიჩა კვარაცხელია.

 

ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთის და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. 

 

დინამო თბილისი კიდევ ერთხელ ულოცავს საქართველოს ამ ეპოქალურ გამარჯვებას და ეროვნულ ნაკრებს წარმატებას უსურვებს ევროპის ჩემპიონატზე. 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024