საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს დამსახურებულ სპორტულ ჟურნალისტს, ქართული სპორტის მემატიანეს - თენგიზ გაჩეჩილაძეს, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სპორტის დარგში სამინისტროს უმაღლესი ჯილდო - სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.
დინამო თბილისი ულოცავს თენგიზ გაჩეჩილაძეს დაბადების დღეს და სპორტის რაინდის წოდებას. აღსანიშნავია, რომ პირველს სპორტულ ჟურნალისტიკაში. ვუსურვებთ მას ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას.
თენგიზ გაჩეჩილაძე 1958 წლიდან ჟურნალისტიკაში მოღვაწეობს. 30 წლის მანძილზე გახლდათ სპორტული გაზეთის ლელოს მთავარი რედაქტორი, არის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნიკო ნიკოლაძისა და მიხეილ კაკაბაძის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენისა და სეოკის მედლის კავალერი, საერთაშორისო ჯილდოების მფლობელი, არაერთი წიგნისა და გამოცემის ავტორი.
თენგიზ გაჩეჩილაძე ერთადერთი ქართველი ჟურნალისტია, რომელიც აკრედიტირებული იყო ზაფხულისა და ზამთრის 14 ოლიმპიურ თამაშებზე, რაც უნიკალური და სარეკორდო მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ თენგიზ გაჩეჩილაძე 1994 წელს ლილეჰამერის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს პირველი ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი გახლდათ.