• Geo
  • Eng
06.03.2020
ურთიერთშეხვედრები ზღვისპირელებთან

კვირას 8 მარტს, ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის ცენტრალურ შეხვედრას დინამო არენა უმასპინძლებს. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ვიცე ჩემპიონს მასპინძლობს. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 58 მატჩიდან 40- ჯერ მტკვრისპირელებმა იზეიმეს გამარჯვება, 9 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 9 დაპირისპირებიდან ზღვისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 120/51 თბილისელთა სასარგებლოდ.

ურთიერთშეხვედრებში ყველაზე მეტჯერ - თერთმეტჯერ დაფიქსირდა ანგარიში 1:0. რვაჯერ მატჩი 2:1 მორჩა, ექვსჯერ კი შეხვედრები 2:0, 3:0 და 3:1 დასრულდა. ყველაზე უხვგოლიანი მატჩი 1994 წლის 18 სექტემბერს გაიმართა. ბათუმში ჩატარებულ შეხვედრაში რვა გატანილი გოლი ვიხილეთ. არჩილ არველაძის ჰეთ–თრიქს, შოთა არველაძის დუბლი მიემატა და თბილისელებმა 5:3 იმარჯვეს. იმავე ანგარიშით იმარჯვა დინამო თბილისმა 2012 წლის 11 ნოემბერს. დიდი ანგარიშით დინამო მეთექვსმეტე ჩემპიონატის მეცხრე ტურში დამარცხდა. 2004 წელს ჩატარებულ შეხვედრაში დედაქალაქელები 0:3 დამარცხდნენ. ყველაზე დიდი ანგარიშით მტკვრისპირელებმა მეტოქე 2007 წლის 29 სექტემბერს დაამარცხეს. მეცხრამეტე ჩემპიონატის მეშვიდე ტურში დინამომ შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა ბათუმელ სეხნიას. თავი კი გამოიჩინეს: სანდრო კობახიძემ და ჯორჯ აკირემმა დუბლებით, მიხეილ ხუციშვილმა, ილია სპასოევიჩმა და ლევან ხმალაძემ კი თითო გოლით. 2017 წლის 28 მაისს დინამო არენაზე გაიმართული პაექრობა თბილისელთა გამარჯვებით ასევე დიდი ანგარიშით 4:0 დასრულდა. გოლები ბათუმელთა კარში ბექა მიქელთაძემ, საბა ლობჟანიძემ (2) და გიორგი გველესიანმა გაიტანეს. ბოლოს ორი დინამო ერთმანეთს ბათუმში, ანგისაზე კოკისპირული წვიმის თანხლებით შეხვდა. მნიშვნელოვანი და დაძაბული მატჩი, საყაიმო ანგარიშით 1:1 დასრულდა. გოლი მასპინძელთა კარში ლევან მჭედლიძემ გაიტანა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024