• Geo
  • Eng
15.03.2012
დინამო VS მერანი – მატჩამდე

დინამო თბილისი მარტვილის მერანს დინამო არენაზე უმასპინძლებს. უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპის მეორე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი საკუთარ კედლებში გამართავს და მორიგი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

მიმდინარე სეზონში დასახული მიზნები:

უმაღლესი ლიგის დებიუტანტი მარტვილის მერანი რვა საუკეთესო გუნდში მოხვდა, რითაც გუნდმა ჩემპიონატის სტარტზე დასახული ამოცანა შეასრულა და ქართული ფეხბურთის ელიტარულ მარაქაში გაერია. მარტვილში მერანთან თამაში ნებისმიერი გუნდისთვის დიდ სირთულესთან იქნება დაკავშირებული და საკუთარ მოედანზე თითოეული ქულისთვის თავგამოდებით იბრძოლებენ.

 მწვრთნელი და გუნდი:

მარტვილის მერანი იმ უიშვიათეს გუნდთა სიას მიეკუთვნება, რომელსაც მიმდინარე ჩემპიონატში მთავარი მწვრთნელი არ შეუცვლია. გუნდური პრინციპით მოთამაშე მეგრელებმა შინ საკუთარ ქულათა მაქსიმუმი აიღეს – მათ 22 ქულას მოუყარეს თავი. მერანი მეტოქეთათვის კერკეტი კაკალი გახდა. ჩემპიონატის მეორე ეტაპს მარტვილელები 13 ქულით განაგრძობენ.   დებიუტანტის კვალობაზე გუნდი შესანიშნავ სეზონს ატარებს. უმაღლესი ლიგის რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრილ მარტვილის მერანს 2012/2013 წლების სეზონში ელიტაში თამაში განაღდებული აქვს და მიმდინარე ჩემპიონატის მეორე ნახევარში საკუთარი შედეგების გაუმჯობესებას შეეცდება.

სუსტი და ძლიერი მხარეები:

ერთ მუშტად შეკრული მარტვილის მერანი გუნდურ და რეზულტატზე გათვლილ ფეხბურთს თამაშობს. ყველა სათამაშო რგოლში თანაბრად დაკომპლექტებულ მერანს აქტიური, ერთგული გულშემატკივარი უმაგრებს ზურგს. მერანის ძლიერ მხარეს გამოცდილი  ნახევარდაცვის ხაზი წარმოადგენს. დიდავა–მანწკავას დუეტს კოტ –დიუვარელი მუნინი ტაპე და ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველები შესანიშნავად უბამენ მხარს და თავდამსხმელებს არაერთ ხელსაყრელ მომენტს უქმნიან. ნახევარდაცვის ფონზე შედარებით სუსტად გამოიყურება დაცვის ხაზი. მეგრელები თავს სამაგალითოდ რომ ვერ იცავენ ამას 26 გაშვებული ბურთიც მოწმობს.

ისტორია და დღევანდელობა:

მარტვილის საფეხბურთო კლუბი მერანი 2007–2008 წლების სეზონში გამოჩნდა. გუნდი საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშებაში ჩაება და საპატიო მესამე ადგილზე გავიდა. ამის შემდეგ გუნდმა კიდევ ორჯერ მოახერხა პირველ ლიგაში მესამე ადგილის დაკავება. მარტვილის მერანის ყველაზე თვალსაჩინო მიღწევა 2009–2010 წლების სეზონით თარიღდება. ხსენებულ სპორტულ სეზონში მერანმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზე ნახევარფინალს უწია და ერთი ნაბიჯი დააკლდა თასის ფინალში გასვლამდე.  ნახევარფინალში მათ ვიტ ჯორჯიას პირველ მატჩში 1:0 მოუგეს, გასვლით შეხვედრაში კი 0:2 დამარცხდნენ და გათამაშებას გამოეთიშნენ. გუნდმა პროგრესი 2010–2011 წლების სეზონშიც განაგრძო და უმაღლესი ლიგის საგზურსაც გამოჰკრა ხელი. მარტვილელები პირველი ლიგის ვერცხლის პრიზიორები გახდნენ და ქართული ფეხბურთის ელიტასაც შეუერთდნენ. დღეს გუნდმა საკუთარი ისტორიის გადაწერა მოახერხა.

მეტოქე და ჩვენ:

დინამოსა და მერანის ურთიერთშეხვედრები ხანმოკლე ისტორია გააჩნია. ეს გუნდები აქამდე სულ ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. უმაღლესი ლიგის დებიუტანტთან თბილისელებს თანაბარი ბალანსი გააჩნიათ. ორი შეხვედრიდან ერთი მოგება და ერთი მარცხი. ბურთების შეფარდება თანაბარია – 3:3. პირველი შეხვედრა თბილისში, 25 სექტემბერს ეროვნული ნაკრების ბაზაზე გაიმართა. მეშვიდე ტურის შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2–1 დასრულდა. გუნდის კაპიტნის 43– ე წუთზე გატანილ გოლს, ოდიკაძემ 50– ე წუთზე კიდევ ერთი მიამატა. მეორე შეხვედრაში კი მერანმა ჩვენი გუნდი ანალოგიური ანგარიშით დაამარცხა. 18 დეკემბერს ჩატარებულ შეხვედრაში ანგარიში დინამოს ესპანელმა ლეგიონერმა– იაგუემ გახსნა, რასაც მეორე ტაიმში იობაშვილის და ტაპეს გოლები მოჰყვა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.

მარტვილის მერანის სავარაუდო შემადგენლობა:

შეროზია - კაკუშაძე, იობაშვილი, მემარნიშვილი, ჟვანია - სუხიაშვილი, ტაპე,

დიდავა, გრიგალაშვილი - ჩალაძე, ამბროლაძე

 

დასასრულს კი შეგახსენებთ, რომ შეხვედრის ტექსტური და ვიდეო LIVE-ს ნახვა ტრადიციულად ჩვენი გუნდის ოფიციალურ ვებ–გვერდზე იქნება შესაძლებელი. მატჩი დინამო არენაზე 18:00 საათზე გაიმართება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024