6 წლის ასაკში საბურთალოს (ახ.იბერია) აკადემიაში შევიდა და მალევე ყველას ყურადღების ქვეშ მოექცა. ხოლო ყველაზე მეტი ყურადღება ვისგანაც მიიპყრო, დღეს დინამო თბილისის მთავარ გუნდში მისი მწვრთნელია. 16 წლის ვახტანგ სალია უკვე დინამო თბილისის ერთ-ერთ ლიდერად იქცა.
როცა სალია საბურთალოს ბავშვთა გუნდებში თამაშობდა, მაშინ კარასკო ამ გუნდში მუშაობდა. ვარჯიშის შემდეგ, ბაზაზე შეივლიდა ხოლმე და თავისი კლუბის ბავშვებს აკვირდებოდა. ამ დაკვირვებაში მან სალიას დაადგა თვალი და მასში დიდი პოტენციალი დაინახა. კარასკო საბურთალოდან წავიდა, თუმცა სალია არ დავიწყებია და რამდენიმე წლის შემდეგ, მათი გზები დინამო თბილისში გადაიკვეთა.
"დინამო თბილისში თავს კარგად ვგრძნობ, ახალგაზრდული გუნდი ვართ, რაც სასიამოვნოა. მწვრთნელი გვერდში გვიდგას, ყველას შანსს აძლევს და ცდილობს ყველას შესაძლებლობები დაინახოს. ჩემთვის სასიხარულოა, რომ ასეთი დიდი კლუბის ფეხბურთელი ვარ და ყველაფერს ვაკეთებ, რომ გუნდს წარმატება მოვუტანო. კარასკომ ჯერ კიდევ გასულ სეზონში მითხრა, რომ მომდევნო წელს დიდ გუნდში თამაშის საშუალება მომეცემოდა, დიდი მოტივაცია მომეცა და კარგად ვემზადებოდი".
სალიამ ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლიც გაიტანა. ტორპედოს კარში გატანილი ბურთით 16 წლის და 193 დღის ვახო სალია მესამე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია დავით პეტრიაშვილისა და ალექსანდრე იაშვილის შემდეგ, რომელმაც დინამოს ფორმით უმაღლეს ლიგაში თავი გამოიჩინა.
"ბედნიერი ვარ, რომ ეროვნულ ლიგაში გოლი გავიტანე და ასეთი დიდი ფეხბურთელების გვერდით მოვხვდი. ჩემი მხრივ, გოლების გატანა უნდა გავაგრძელო. ამ გოლის შემდეგ, მწვრთნელი მეხუმრებოდა, მიწაზე დაეშვი და მომდევნო მატჩებისთვის ვარჯიში გააგრძელეო. მას დავუჯერე, რადგან ვიცი, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია".
- გარდა ახალგაზრდებისა, დინამო თბილისში გამოცდილი ფეხბურთელებიც არიან. რა რჩევებს იღებ მათგან?
- დიახ, თუნდაც ლორია, ხშირად ვარჯიშზე მატარებს ხოლმე. ცხოვრებისეული რჩევების გარდა, ლორია საფეხბურთო რჩევებსაც მაძლევს და მეუბნება, რომ ბევრი ვირბინო, თუ გოლს ვერ გავიტან, არ უნდა ვინერვიულო და თავიდან ვცადო, რადგან თავდამსხმელისთვის ეს მიდგომა აუცილებელია. რჩევებს კალანდაძეც მაძლევს. სულ მეჩხუბება, მეტი ვირბინო და თუ ვარჯიშზე მომენტს ვერ ვიყენებ, მეუბნება, თამაშზე აუცილებლად გაიტანო.
სალია 17-წლამდელთა ნაკრების წევრია. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მათ თურქეთს მოუგეს, დანიასთან კი დამარცხდნენ.
"თურქეთთან მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოვტოვე, დანიასთან კი უშანსოდ წავაგეთ. წინა დღეებში მეც და რამდენიმე ფეხბურთელსაც მაღალი ტემპერატურა გვქონდა და მოედანზე ასე გავედით, თამაში გაგვიჭირდა და სამწუხაროდ, ამან შედეგზე გავლენა იქონია".
- როგორი იყო ემოციები, როცა გაიგე, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა?
- თამაშს გზიდან ვუყურებდი და დაუჯერებელი ემოციები იყო. მთელი ცხოვრება ეროვნულ ნაკრებში თამაშის სურვილი მქონდა და ახლა ეს ოცნება გაორმაგებული გახდა. მოტივაცია მაქვს, რომ ოცნება ავისრულო.
- მისაბაძი ფეხბურთელი...
- უცხოელი ფეხბურთელებიდან ჩემთვის სამაგალითო რონალდუ იყო, უშუალოდ ჩემს პოზიციაზე ბენზემას გამოვარჩევდი, რადგან რეალის გულშემატკივარი ვარ. ქართველებიდან ბუდუ ზივზივაძე მომწონს, მაგრამ სტილით მიქაუტაძეს უფრო ვგავარ.
- 16 წლის კვალობაზე, საკმაოდ კარგ ფიზიკურ კონდიციაში ხარ, რაც იშვიათია...
- ბავშვობაში ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ფიზიკურად სუსტი ვიყავი. რომ წამოვიზარდე, ჩემმა ნათლიამ გოგიტა გოგუამ ფიზიკურად ბევრი მავარჯიშა და ეს შედეგი მისი დამსახურებაა.
ინტერვიუდან გავიგეთ, რომ სალიას ნათლია საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გოგიტა გოგუა ყოფილა, რომელიც კარიერულად დღემდე მისი ნათლულის გვერდითაა.
"ჩემს კარიერულ წინსვლაში ნათლიაჩემს უდიდესი წვლილი მიუძღვის. კორონავირუსის დროს, სულ მასთან ვვარჯიშობდი. ნათლიაჩემმა მასწავლა, როგორ უნდა ითამაშოს თავდამსხმელმა სწორად და მადლობას ვუხდი მას ამისთვის."
16 წლის ვახტანგ სალია უკვე კარგად გავიცანით, ქართულ რადარზე კიდევ ერთი პერსპექტიული, სწორი მენტალობის მქონე ფეხბურთელი გამოჩნდა, რომელიც თავად ამბობს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და წინ დიდი მომავალია.
https://lagazzetta.ge/news/16-tslis-talanti-qartul-radarze-natliis-roli-karierashi-da-stsori-mentaliteti-208643
1.4.2024