• Geo
  • Eng
18.03.2012
ოთარ ხიზანეიშვილი დინამოში დაბრუნდა

რვა წლიანი პაუზის შემდეგ ოთარ ხიზანეიშვილი დინამო თბილისს უბრუნდება. 30 წლის მცველი დინამოში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა. შეგახსენებთ, რომ ოთარი ჩვენს გუნდში 1998–2000 წლებში და 2002–2004 წლებში თამაშობდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მან 48 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ჩვენი გუნდის ერთ–ერთი გამორჩეული ფეხბურთელიც გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ოთარ ხიზანეიშვილი დინამო თბილისში თამაშისას რეგულარულად ასპარეზობდა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშიც,  სადაც  20 მატჩი ჩაატარა. საგულისხმოა, რომ ოთარ ხიზანეიშვილი სხვადასხვა დროს მოსკოვის სპარტაკის და დინამოს, როსტოვის, მახაჩყალის ანჟის, ფრაიბურგის და აუგსბურგის  ღირსებას იცავდა. ბოლოს  კი იგი ყაზახეთში თამაშობდა.  დღეს დინამოში დაბრუნებული ოთარ ხიზანეიშვილი ჩვენი გუნდის ოფიციალური ვებ–გვერდის სტუმარია.

ოთარ ხიზანეიშვილი – ფეხბურთის თამაში აქ დავიწყე და დინამო ჩემთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი  და საყვარელი გუნდია. დინამოში დაბრუნების დროს, სიხარულთან ერთად, ძალიან ვნერვიულობდი.  მგონი, ბაზაზე შემოსვლის დროს, ახლა უფრო ვღელავდი, ვიდრე პირველად მოსვლისას. ბოლო თვე და 10 დღე, ტრავმის გამო არ მითამაშია. ერთი კვირაა, დღეში ორჯერ ვვარჯიშობ და ვფიქრობ 5 დღეში სასურველ ფორმაში ვიქნები. ახლა მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას ვინც მენდო და საქართველოში, მშობლიურ კლუბში დამაბრუნა. ვეცდები ეს ხალხი არ დავაღალატო.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024