• Geo
  • Eng
25.06.2020
დინამომ სეზონი დამაჯერებელი გამარჯვებით განაახლა

ეროვნული ლიგა პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ საქართველოს თასის მფლობელისა და საქართველოს ჩემპიონის პაექრობით განახლდა. მიხეილ მესხის სახელობის  შეხვედრის დაწყებამდე ფეხბურთელებმა პანდემიით გარდაცვლილთა და ტრაგიკულად დაღუპული საბურთალოს ახალგაზრდა ფეხბურთელის - გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

 

აღსანიშნავია, რომ დინამოს ცენტრში დებიუტი ახალგაზრდა ანზორ მექვაბიშვილს ჰქონდა, რომელიც გამოცდილ გიორგი პაპავას შეუწყვილდა. თავად მატჩი ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო, პირველი სახიფათო მომენტი კი სტუმრებს დარჩათ. დინამოს ძირითადში გამწესებული ბრაზილიელი შემტევი პერნამბუკუ საჯარიმოს მისადგომებიდან ემუქრებოდა მასპინძელთა კარს, თუმცა მის დარტყმულს სიძლიერე დააკლდა. პირველი გოლი შეხვედრის მე- 17 წუთზე გავიდა. ერთობ აქტიური თორნიკე კაპანაძე რამდენიმე მეტოქეს დაუსხლტა, მისი შეტევა კი აკრძალული ხერხით შეაჩერეს. საჯარიმო დარტყმა გიორგი კუციამ იდეალურად შეასრულა და დინამო დაწინაურდა. ამის შემდეგ ლურჯ-თეთრებმა სათამაშო ინიციატივა მთლიანად თავის სასარგებლოდ გადაწონეს. აღსანიშნავია ფლანგებზე მოთამაშე ირაკლი ბუღრიძის და პერნამბუკუს აქტიურობა. ბრაზილიელმა ტაიმის შუაში ტექნიკურად და სწრაფად იმოქმედა, მოედნის ცენტრიდან ბურთი საჯარიმომდე მიიტანა, სადაც ორ მცველს გაუსწორდა და კარშიც დაარტყა, ბურთი ბოლო წამს ლაზარე კუპატაძემ კუთხურზე მოიგერია. მეორე გოლი სტუმრებმა მეორე ტაიმის დებიუტში გაიტანეს. მატჩის 50- ე წუთზე ირაკლი ბუღრიძე შეტევის მარცხენა ფრთიდან საჯარიმოში შეიჭრა, მისი ზუსტი პასი კი თორნიკე კაპანაძემ გოლად აქცია 0-2. ოთხიოდე წუთში გოლი თავის სახელზე უკვე ბუღრიძემ ჩაიწერა, მას ზუსტი გადაცემა გიორგი ქიმაძემ გაუკეთა, ირაკლიმაც ზუსტი თავურით შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ამის შემდეგ შეხვედრის რიტმი ოდნავ დაეცა, თუმცა დარჩენილ დროში დინამოელებს კიდევ რამდენჯერმე შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა. საბოლოოდ კახა ჩხეტიანის გუნდმა იმარჯვა და ამ ჩემპიონატში პირველი სამი ქულაც მოიპოვა. შემდეგ მატჩს 3 ივლისს დინამო არენაზე ჩვენი გუნდი ლოკომოტივთან გამართავს.

 

საბურთალო 0-3 დინამო

გოლი: 0-1 კუცია 17'  0-2 კაპანაძე 50'  0-3 ბუღრიძე 54'

გაფრთხილება: კაკუბავა (16), ლოჩოშვილი (20), მექვაბიშვილი (61), გ. კოხრეიძე (62), მაჭარაშვილი (70), ტრუბოჩკინი (86)

გაძევება: ლაკვეხელიანი (87)

 

საბურთალო: კუპატაძე, მალი, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, კაკუბავა, ნონიკაშვილი (გულიაშვილი 61), ტერა (ცნობილაძე 46), ალთუნაშვილი, ტაბატაძე, კოხრეიძე (მაჭარაშვილი 69), ქავთარაძე

დინამო: კვასხვაძე, ლოჩოშვილი, კობოური, ქიმაძე, მექვაბიშვილი (ქარდავა 71), ტრუბოჩკინი, პაპავა, პერნამბუკო (დაფე 85), კუცია, ბუღრიძე (აზაროვი 75), კაპანაძე

 

არბიტრი: გ. ვადაჭკორია.

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024