• Geo
  • Eng
20.03.2012
დინამო VS ზესტაფონი – მატჩამდე

მიმდინარე სეზონში დინამო თბილისი ზესტაფონს მესამედ დაუპირისპირდება. დინამო არენაზე გასამართი მატჩი ორივე გუნდისთვის პრინციპული ხასიათის იქნება. დინამოელები გამარჯვებისთვის იბრძოლებენ – ზესტაფონი კი იოლად არაფერს დათმობს. დინამო არენაზე გასამართი ხვალინდელი მატჩი 18:00 საათზე დაიწყება და შეხვედრას პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებელი აჩვენებს.

მიმდინარე სეზონში დასახული მიზნები:

ზესტაფონმა მიმდინარე სეზონი ჩემპიონის სტატუსით დაიწყო. ფეროელებს დასამტკიცებელი აქვთ, რომ მეშვიდე სეზონის თავზე მოპოვებული ოქროს მედლები შემთხვევითი არ ყოფილა. მართალია ზესტაფონმა მიმდინარე სეზონის სტარტზე მთავარი მწვრთნელი შეიცვალა, თუმცა გუნდმა დასახულ კურსს არ უღალატა და მზერა კვლავ საქართველოს თასისა და ჩემპიონის მედლებისკენ შეაჩერა. უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპი ფეროელებმა 30 ქულით დაიწყეს. ორი ტურის შემდეგ ერთი გამართული შეხვედრიდან მარგველებმა სამი ქულა კოლხეთთან თამაშში მოიპოვეს, მეორე ტურის მატჩი, რომელიც ზესტაფონს შინ, იმერული დერბის რანგით, ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ უნდა ჩაეტარებინა უამინდობის გამო სამომავლოდ გადაიდო. ცხრილის სათავეში მყოფი ზესტაფონი, ჩვენს გუნდს 9 ქულით ასწრებს.

მწვრთნელი და გუნდი:

ზესტაფონის ხელმძღვანელობა მიმდინარე სეზონის სტარტზე მთავარ მწვრთნელს, გია გეგუჩაძე გამოემშვიდობა და ნდობა მისსავე ასისტენტად მომუშავე ახალგაზრდა, 32 წლის გიორგი ჭიაბრიშვილს გამოუცხადა. ახალ მწვრთნელთან ერთად ზესტაფონი მორიგ წარმატებულ სეზონს ატარებს. მისი გაწვრთნილი გუნდი უახლოეს მდევართ დღეისათვის ოთხი ქულით ასწრებს, ამას თუ დავუმატებთ იმ ერთ შეხვედრას, რომელიც გუნდს რეზერვში აქვს, ჭიაბრიშვილის გუნდმა შესაძლოა უპირატესობა კიდევ უფრო გაიმყაროს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი მომავალი მეტოქე ორ ფრონტზე ბრძოლას განაგრძობს და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ნახევარფინალში გასულ გუნდთა ჩამონათვალში იმყოფება.

სუსტი და ძლიერი მხარეები:

ზამთრის შესვენებისას ზესტაფონმა სატრანსფერო ბაზარზე განსაკუთრებულად იაქტიურა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს არაერთი გამოცდილი და ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელი შეუერთდა. ყველაფრის მიუხედავად ზესტაფონის წინა ხაზი შედარებით დასუსტდა. გუნდმა ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ნიკოლოზ გელაშვილი გერმანულ გერმანულ ბოხუმში გაუშვა სათამაშოდ. თუმცა ფეროელებმა მოახერხეს და ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორი – ჯაბა დვალი შეინარჩუნეს და მოქმედი კონტრაქტი კიდევ გაუხანგრძლივეს. ზესტაფონის ყველაზე ძლიერ მხარეს გამოცდილი კადრებით დაკომპლექტებული ნახევარდაცვის ხაზი წარმოადგენს. ზესტაფონში მოთამაშე ყოფილ დინამოელთა კონტიგენტს ამ ზამთარს გოგა ბერაია და დავით მუჯირი შეემატნენ. უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა მუჯირმა, რომელსაც დინამოს მაისურით ზესტაფონელთა კარში სამი გოლი აქვს გატანილი. ზესტაფონში გადასვლის შემდეგ, ერთი ბურთის გატანაც მოახერხა. მან ცხინვალის სპარტაკთან გაიხსენა ქართული გოლის გემო.

ისტორია და დღევანდელობა:

ზესტაფონში 2004 წელს სააქციო საზოგადოება „გ. ნიკოლაძის სახელობის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის“ აქციონერთა ინიციატივით შექმნილი საფეხბურთო კლუბი აგერ უკვე მერვე სეზონს ატარებს. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მოთამაშე ზესტაფონელებმა მთელი ამ დროის განმავლობაში თითოჯერ მოახერხეს საქართველოს ჩემპიონისა და თასის გამარჯვებულის წოდების მოპოვება. ფეროელები ევროსარბიელზე 2008/2009 წლის სეზონიდან გამოჩდნენ და მას შემდეგ სხვადასხვა საკლუბო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ზედიზედ მეხუთე სეზონია თამაშობენ. ზესტაფონელთა ყველაზე დიდი ევროპული წარმატება გასული ზაფხულით თარიღდება. მარგველებმა ჯერ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშეს, შემდეგ კი ევროპის ლიგის პლეი–ოფში გადაინაცვლეს, თუმცა... ზესტაფონმა ბელგიური ბარიერი ვერ გადალახა.

მეტოქე და ჩვენ:

აქამდე ეს გუნდები ერთმანეთს ოცდასამჯერ შეხვდნენ. აქედან თერთმეტ შემთხვევაში მტკვრისპირელებმა დატოვეს მინდორი თავაწეულებმა, ხუთი შეხვედრა ფრედ დამთავრდა, ხოლო შვიდ მატჩში გამარჯვებულები ყვირილისპირელები დარჩნენ. ბურთების შეფარდება 29/21 თბილისელთა სასარგებლოდ. ამ გუნდების დაპირისპირებაში ყველაზე პოპულარული ანგარიში 1–0 არის, რომელიც რვა შეხვედრაში დაფიქსირდა. ექვსი შეხვედრა კი ანგარიშით 2–0 დასრულდა. დიდი ანგარიში მხოლოდ სამ შეხვედრაში დაფიქსირდა. 2009 წლის 10 აპრილს, თბილისელებმა გასვლაზე, ოთხი უპასუხო გოლით დაამარცხეს მოწინააღმდეგე. იმავე წლის 29 აგვისტოს, ოცდამეერთე ჩემპიონატის მეოთხე ტურში კი ზესტაფონელებმაანგარიშით 4–1 იმარჯვეს, ეს შეხვედრაც ფეროელთა ქალაქში გაიმართა. ასევე ზესტაფონში დაფიქსირდა მესამე დიდი ანგარიში ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებში. შარშან 14 დეკემბერს, პირველობის მეთხუთმეტე სათამაშო დღეს, ზესტაფონმა 5–1 დაამარცხა დინამო თბილისი.

დინამოს ზესტაფონური გუნდებიდან, ასევე მარგვეთთან და მეტალურგთან უთამაშია. ამ შეხვედრებში თბილისელებს კოლოსალური უპირატესობა ჰქონდათ. ოცდაერთ ჩატარებულ მატჩში ზესტაფონელებმა მხოლოდ ორჯერ იმარჯვეს, სამი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო თექვსმეტ შემთხვევაში თბილისელებმა იზეიმეს გამარჯვება. ბურთების შეფარდება 82/15 დინამოს სასარგებლოდ. ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 1994 წლის 15 ოქტომბერს იმარჯვა. მეექვსე ჩემპიონატის მერვე ტურში ჩატარებულ შეხვედრაში თბილისელებმა მარგვეთი ორნიშნა ანგარიშით 10–1 დაამარცხეს. 1996 წლის 17 ნოემბერს დინამომ რვა უპასუხო ბურთი გაუტანა მარგვეთს. ანგარიშებით 6–0 და 6–1 კი, დინამომ სამ–სამჯერ იმარჯვა.

 

ზესტაფონის სავარაუდო შემადგენლობა:

კვასხვაძე – ელიავა, საჯაია, კობახიძე, ღონღაძე –  მუჯირი, ბენაშვილი, ბაბუნაშვილი, გრიგალაშვილი – რაჟამაშვილი, დვალი

დასასრულს კი შეგახსენებთ, რომ შეხვედრის ტექსტური და ვიდეო LIVE-ს ნახვა ტრადიციულად ჩვენი გუნდის ოფიციალურ ვებ–გვერდზე იქნება შესაძლებელი. მატჩი დინამო არენაზე 18:00 საათზე გაიმართება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024