დინამო - ზესტაფონის შეხვედრის დასრულების შემდეგ, დინამო არენის საპრესკონფერენციო დარბაზში ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.
გიორგი დევდარიანი - ძალიან გახსნილი თამაში იყო. სწორად აღნიშნა კოლეგამ, ორივე გუნდს შეეძლო დღევანდელი მატჩის მოგება. სატურნირო თვალსაზრისით მოგება გვჭირდებოდა. დაახლოვებით ერთი თვეა რაც გუნდში მოვედი და დღეს პირველად შემიძლია ვთქვა, რომ კმაყოფილი ვარ გუნდის თამაშით. მერწმუნეთ ხელში ჯადოქრის ჯოხი არ მიჭირავს და ერთიანად ვერაფერს შევცვლით. რაც უფრო მეტი იქნება ასეთი ლაღი, დაძაბული და სანახაობრივი თამაში, მით უფრო მაღალ დონეზე აიწევს ჩვენი ფეხბურთი. ყველამ კარგად ვიცით რა ძალაა ზესტაფონი, თუმცა მათთან ნაჩვენები დღევანდელი შედეგით გულდაწყვეტილნი ვართ, დამაკმაყოფილებელი მხოლოდ სამი ქულა იქნებოდა.
გიორგი ჭიაბრიშვილი - ძალიან რთული თამაში იყო. თავიდანვე ვიცოდით, რომ იოლი არ იქნებოდა დინამოს წინააღმდეგ. ძალიან ბევრი მომენტი ჰქონდა ორივე გუნდს და როგორც ერთ, ისევე მეორე გუნდს შეეძლო გამარჯვების მიღწევა. მოსაგებად ვიყავით ჩამოსულნი, ძალიან გვინდოდა გამარჯვება, მაგრამ შეხვედრა ფრედ დასრულდა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გიორგი დევდარიანმა ძალიან მოკლე დროში დინამოს თამაშის გარდაქმნა მოახერხა და მჯერა, ძალიან მალე დინამოსთვის დამახასიათებელი ფეხბურთის მოთამაშე გუნდს ვიხილავთ.