ქუთაისში გამართული საიუბილეო კლასიკოს დასრულების შემდეგ სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა.
გიორგი დევდარიანი - თამაში ნამდვილად საინტერესო გამოდგა. სტადიონზე მოსულმა მაყურებელმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველ ტაიმში ტორპედომ გვაჯობა, შესვენებაზე კი ბიჭებთან საუბარი მქონდა. სათამაშო მონახაზში გადაადგილებაც მოვახდინეთ და საბოლოოდ მოედნის ცენტრში უპირატესობაც მოვიპოვეთ, რასაც საბოლოოდ ანგარიშში თანაფარდობის აღდგენა მოჰყვა. თამაში ისე წარიმართა, შეიძლებოდა წაგვეგო კიდეც, თუმცა ხელსაყრელ მომენტებში ჩვენც ვერ ვიხეირეთ და საბოლოოდ მატჩი ფრედ დასრულდა. დინამოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე არც თუ ისე დიდი ხანია რაც დავინიშნე. ამ დროის განმავლობაში რამდენიმე ფეხბურთელმა შეიძლება ითქვას, რომ ჩემი მოლოდინი ვერ გაამართლა, თუმცა ამ პერიოდში გამოჩნდა რამდენიმე ახალგაზრდა შრომისმოყვარე მოთამაშე, რომელთაც გარჯა დაუფასდებათ. ისევე როგორც დინამოში, ტორპედოშიც გუნდის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს. გია გეგუჩაძეს კი მინდა წარმატებები ვუსურვო.
გია გეგუჩაძე - განვმეორდები და ვიტყვი, რომ მოლოდინი გამართლდა და საინტერესო მატჩი გამოდგა. მრავალი ლამაზი სათამაშო ეპიზოდი და მრავალი საგოლე მომენტი იყო. ორივე გუნდს სურდა გამარჯვება და ვფიქრობ, ორივე გუნდისთვის გულდასაწყვეტია დღევანდელ ფრე. დინამო თბილისის გამოსვლას ხშირად ვადევნებ თვალს და ფაქტია საინტერესო გუნდი ყალიბდება. წელს დინამოსა და ტორპედოს მონაწილეობით ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა იხილა გულშემატკივარმა, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მეტოქე გუნდს.