გორის დილასთან მარცხის შემდეგ, დინამო თბილისის მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა შეხვედრა შეაფასა.
კახა ჩხეტიანი: სამწუხაროდ დავმარცხდით. გორის დილამ დამსახურებულად გაიმარჯვა. ამ სეზონში პირველად წავაგეთ, მაგრამ წინ 12 შეხვედრა გვაქვს, არაფერი დასრულებულა და შევეცდებით გავაგრძელოთ სწორი მიმართულებით მუშაობა, გამოვასწოროთ ის შეცდომები, რომელიც დღეს დავუშვით. მეტოქე 10 კაცით დარჩა, ისინი უკან ჩაჯდნენ და ზონების გადაკეტვას შეეცადნენ. ჩვენ ორი მისია გვქონდა - გოლი უნდა გაგვეტანა და ის შეცდომა არ უნდა დაგვეშვა, რომელიც დავუშვით. მას მერე, რაც მეტოქე კაცნაკლული დარჩა, შეტევაში მათი ყველაზე რეალური შანსი სტანდარტული სიტუაციები იყო, სხვა საფრთხე არ ჩანდა. უნდა შეგვეჩერებინა მიკოლა კოვტალიუკი, რომელიც წინ რჩებოდა, ბურთს იღებდა, ინარჩუნებდა და შემდეგ მთელი გუნდი ამოყავდა, ის უნდა გაგვენეიტრალებინა, მაგრამ ეს ვერ შევძელით და ზუსტად იმ პოზიციიდან გავუშვით გოლი, რომელიც უნდა გაგვეკონტროლებინა.