ეროვნულ ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 81-ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში დინამოს უპირატესობა აქვს - 57 შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 14 შეხვედრა ფრედ დასრულდა და 10 თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი ჩვენი გუნდის სასარგებლოდაა 193/52.
ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. XVI ჩემპიონატის 26-ე ტურში გამართული შეხვედრა 9-0 დასრულდა. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში. მეხუთე ჩემპიონატის მეთხუთმეტე სათამაშო დღეს თბილისელებმა 7 ბურთი გაიტანეს, გორელთა 2 გოლის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ სამჯერ დაფიქსირდა ხუთბურთიანი სხვაობა 6-1 და ექვსჯერ 5-0, ხოლო ოთხ-ოთხჯერ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4-1, 4-0 და 1-1. ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან ექვსი მატჩი უგოლოდ, სამი შეხვედრა კი 2-2 დასრულდა. გორის დილამ ჩვენს გუნდს პირველად 2012 წლის 15 სექტემბერს მოუგო (2-0).
ბოლოს ეს გუნდები თბილისში, პეტრო არენაზე 3 ოქტომბერს შეხვდნენ ერთმანეთს და ის მატჩი დინამომ 3-1 მოიგო. გოლები გიორგი ხარაიშვილმა, ანზორ მექვაბიშვილმა და უსმანე კამარამ გაიტანეს.