ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა საქართველოს 17–წლამდელთა ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაშიც შვიდი დინამოელი ფეხბურთელი ასპარეზობდა, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. ელიტ–რაუნდის დასკვნითი ტურის შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელებმა უკრაინელ თანატოლებს მინიმალური ანგარიშით – 1:0 სძლიეს და დასკვნით ეტაპზე დაუმარცხებლად გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ ვასილ მაისურაძის შეგირდებმა ესპანელებთან ფრედ – 1:1 ითამაშეს, ინგლისელ და უკრაინელ თანატოლებს კი ერთნაირი ანგარიშით 1:0 სძლიეს, სამ შეხვედრაში 7 ქულას მოუყარეს თავი და ჯგუფში პირველი ადგილიც დაიკავეს. შეგახსენებთ 17–წლამდელთა ნაკრებში მოთამაშე დინამოელთა გვარ–სახელებს: გიგა სამხარაძე, ოთარ კაკაბაძე, ალექსანდრე გურეშიძე, არჩილ მესხი, ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ვანო წილოსანი – ისინი თანატოლ ჯვაროსნებთან ერთად სლოვენიაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებენ.