32- ე ჩემპიონატის მეათე ტურის შეხვედრას დინამო თბილისი 13 წლიანი პაუზის შემდეგ თელავში, ადგილობრივ საფეხბურთო კლუბთან გამართავს. მატჩი კავკასიონი არენაზე 21.00 საათზე დაიწყება.
ჩვენი მეტოქე
საფეხბურთო კლუბი თელავი 2016 წლის 19 ივნისს დაარსდა. გუნდი საშინაო მატჩებს ლეგენდარული გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე ატარებს, თუმცა ამჯერად სტადიონზე რეკონსტრუქცია იგეგმება და კახელები მეტოქეებს თელავში, კავკასიონი არენაზე უმასპინძლებენ. თელაველებმა ასპარეზობა რეგიონალ ლიგაში დაიწყეს და გარდამავალ ჩემპიონატში მესამე ლიგის საგზური მოიპოვეს. 2017 წელს მესამე ადგილზე დაასრულეს პირველობა და პლეი ოფის ორმატჩიან დუელში გურია (2-1, 1-1) დაამარცხეს. 2018 წელს თელაველებს პროგრესი არ შეუნელებიათ და მართალია ლიგა 2- ში საპრიზო ადგილი ვერ მოიპოვეს, თუმცა ისტორიაში პირველად საქართველოს თასის ნახევარფინალს უწიეს, სადაც ქუთაისის ტორპედოსთან მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდნენ. 2019 წელს თელავმა ეროვნული ლიგა 2- ის ბრინჯაო ირგუნა და პლეი ოფში რუსთავს ორივე შეხვედრა (1-0, 2-1) მოუგო. ამრიგად ახალგაზრდა გუნდმა უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა და 2006/2007 სეოზნის შემდეგ, კახეთს პირველად ეყოლება წარმომადგენელი ეროვნულ ლიგაში.
გუნდში რამდენიმე ფეხბურთელია, რომელსაც დინამო თბილისის ან ჩვენი ასაკობრივი გუნდის ფორმით უასპარეზია. პირველ რიგში აღსანიშნავია ვეტერანი ალექსანდრე კოშკაძე, რომელიც ეროვნულ ლიგაში ჩატარებული მატჩებით ერთ-ერთი მოწინავეა. მეკარე ოთო გოშაძე, დინამოს აკადემია გამოვლილები - თორნიკე ძოწენიძე, ფირუზ მარაქველიძე, ვაკო ბაჩიაშვილი და ძმები ბაშალეიშვილები. ასევე თელავის ღირსებას დინამოდან იჯარით მყოფი გიორგი მოისწრაფიშვილი იცავს.
მწვრთნელი
თელავის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2019 წლის ზაფხულიდან ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი და ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი რევაზ გოცირიძე მუშაობს. მისი გუნდი 9 ტურის შემდეგ დაგროვილი 12 ქულით სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციაზეა.
დინამო და თელავი აქამდე ამხანაგურ მატჩებში ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს. 2019 წლის 20 იანვარს დიღმის ბაზაზე 1-1 დასრულებულ მატჩში (გოლები ფრან კარბიამ და ლაშა კუკუჯანაშვილმა გაიტანეს) და 15 ნოემბერს დინამო არენაზე უგოლოდ დამთავრებულ შეხვედრაში. რაც შეეხება ოფიციალურ მატჩებს, მიმდინარე პირველობის პირველ ტურში დინამო არენაზე მეტოქეები გატანილი გოლების გარეშე დაცილდნენ ერთმანეთს.
მსაჯი და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები
დღევანდელ შეხვედრას გიორგი ყრუაშვილი წარუძღვება. მას ასისტენტობას მ. კუპატაძე და ი. კაკაბაძე გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციას გ. ვარდიძე შეასრულებს. მატჩს დისკვალიფიკაციის გამო დინამოელი გიორგი ქიმაძე გამოტოვებს.