• Geo
  • Eng
06.04.2012
დინამო 1:1 მეტალურგი – მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დინამო არენაზე გამართული დინამო 1:1 მეტალურგის შემდეგ, ტრადიციულად მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.

 

კობა ჟორჟიკაშვილი – დინამოსთან თამაში რომ რთული იქნებოდა, ეს თავიდანვე ვიცოდით. ჩვენ ძირითადის ორი  ფეხბურთელი მოვისაკლისეთ, გივი კვარაცხელია, რომელიც დისკვალიფიკაციის გამო დაგვაკლდა და გიორგი თექთურმანიძე, რომელსაც დისკვალიფიკაციის მიუხედავად, მაინც არ მოუწევდა დღევანდელ დაპირისპირებაში მონაწილეობის მიღება, ვინაიდან იგი სწორედ დინამოს საკუთრებაში იმყოფება. აქედან გამომდინარე შემადგენლობაში და თამაშის მონახაზში იძულებითი ცვლილებების განხორციელება მომიწია. ჩვენთვის ძალიან რთული იყო მეტოქის სავარაუდო შემადგნელობის გამოცნობა. ჩემი კოლეგა ჯერ კიდევ ოპტიმალური შემადგენლობის ძიებაში არის – დინამოს შემადგენლობაში ასეთი ხშირი როტაცია სწორედ ამით არის განპირობებული. ყველაფრის მიუხედავად ჩემმა ბიჭებმა მოახერხეს და არ წააგეს შეხვედრა, რისთვისაც მათ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო.

გიორგი დევდარიანი – ის რომ საკადრო პრობლემები გვაქვს და ყოველ თამაშზე ახალ–ახალი სათამაშო მონახაზით გვიწევს მოედანზე გასვლა, სულაც არ არის გასაკვირი. გუნდში არსებულ საკადრო პრობლემებს გიორგი მერებაშვილის, ჩისკოს და  გიგიტა გოგუას ტრავმა დაემატა. გუნდში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ავარჩიეთ ჯანმრთელი 11 ფეხბურთელი და ამ პრინციპით შევარჩიეთ სასტარტო შემადგენლობა. შემადგენლობიდან გამომდინარე შეხვედრა კონტრშეტევებზე ავაგეთ. რუსთაველთა მძიმე დაცვას, შედარებით ძლიერი თავდასხმის ხაზი დავუპირისპირეთ და ვცდილობით მეტოქის შეცდომები მაქსიმალურად გამოგვეყენებინა. დღეს სამწუხაროდ არა გამართული და ლამაზი ფეხბურთის ჩვენება, არამედ მხოლოდ რეზულტატია მთავარი. რომ არა დასანანი შეცდომა დღევანდელი შეხვედრის მოგებაც  შეგვეძლო. ეს დინამოს თამაში არ არის.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024