• Geo
  • Eng
10.09.2020
ურთიერთშეხვედრები ზღვისპირელებთან

შაბათს 12 სექტემბერს ეროვნული ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურის ცენტრალურ შეხვედრას ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ვიცე ჩემპიონს შეხვდება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 59 მატჩიდან 40- ჯერ მტკვრისპირელებმა იზეიმეს გამარჯვება, 10 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 9 დაპირისპირებიდან ზღვისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 121/52 თბილისელთა სასარგებლოდ.

ურთიერთშეხვედრებში ყველაზე მეტჯერ - თერთმეტჯერ დაფიქსირდა ანგარიში 1:0. რვაჯერ მატჩი 2:1 მორჩა, ექვსჯერ კი შეხვედრები 2:0, 3:0 და 3:1 დასრულდა. ყველაზე უხვგოლიანი მატჩი 1994 წლის 18 სექტემბერს გაიმართა. ბათუმში ჩატარებულ შეხვედრაში რვა გატანილი გოლი ვიხილეთ. არჩილ არველაძის ჰეთ–თრიქს, შოთა არველაძის დუბლი მიემატა და თბილისელებმა 5:3 იმარჯვეს. იმავე ანგარიშით იმარჯვა დინამო თბილისმა 2012 წლის 11 ნოემბერს. დიდი ანგარიშით დინამო მეთექვსმეტე ჩემპიონატის მეცხრე ტურში დამარცხდა. 2004 წელს ჩატარებულ შეხვედრაში დედაქალაქელები 0:3 დამარცხდნენ. ყველაზე დიდი ანგარიშით მტკვრისპირელებმა მეტოქე 2007 წლის 29 სექტემბერს დაამარცხეს. მეცხრამეტე ჩემპიონატის მეშვიდე ტურში დინამომ შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა ბათუმელ სეხნიას. თავი კი გამოიჩინეს: სანდრო კობახიძემ და ჯორჯ აკირემმა დუბლებით, მიხეილ ხუციშვილმა, ილია სპასოევიჩმა და ლევან ხმალაძემ კი თითო გოლით. 2017 წლის 28 მაისს დინამო არენაზე გაიმართული პაექრობა თბილისელთა გამარჯვებით ასევე დიდი ანგარიშით 4:0 დასრულდა. გოლები ბათუმელთა კარში ბექა მიქელთაძემ, საბა ლობჟანიძემ (2) და გიორგი გველესიანმა გაიტანეს. ბოლოს ორი დინამო ერთმანეთს თბილისში შეხვდა. წელს 8 მარტს გამართული მატჩი 1:1 დასრულდა. გოლები ჯაბა ჯიღაურმა და ნიკა ნინუამ გაიტანეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024