17 სექტემბერს დინამო თბილისი ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრას უელსურ ქონას ქეი ნომედსთან გამართავს. მატჩი რექსემში, უნიკალურ რეისკურს გრაუნდზე შედგება.
რეისკურს გრაუნდი ჩრდილოეთ უელსის ქალაქ რექსემში მდებარეობს. დღეისათვის სტადიონის ტევადობა (სკ რექსემის საშინაო არენა) 10 700 გულშემატკივარზეა გათვლილი და უელსში ტევადობით მეხუთე სტადიონად ითვლება. უელსის საფეხბურთო ასოციაცია პერიოდულად ამ სტადიონზე სანაკრებო შეხვედრებს მართავს. სტადიონს ასევე რაგბი ლიგის გუნდი კრუზეიდერსი, რაგბის კავშირის გუნდი სქარლეთსი და ლივერპულის სარეზერვო გუნდი იყენებენ. ადრეულ წლებში არენაზე კრიკეტი და ჯირითი იმართებოდა. რათქმაუნდა სტადიონს არაერთი მუსიკალური კონცერტიც ახსოვს.
რეისკურს გრაუნდი მსოფლიოში უძველეს სტადიონად ითვლება, რომელიც საერთაშორისო მატჩებს მასპინძლობს. 1807 წელს გახსნილმა არენამ საფეხბურთო მატჩების მასპინძლობა 1864 წლიდან დაიწყო. უელსის ნაკრებმა ხსენებულ სტადიონზე პირველად 1877 წელს ითამაშა და საერთოდ დრაკონებს ყველაზე მეტი მატჩი სწორედ რექსემში აქვთ გამართული. სტადიონზე დასწრების რეკორდი 1957 წელს დაფიქსირდა. რექსემმა მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლა, პაექრობას კი 34 445 გულშემატკივარი დაესწრო.
2014 წლიდან რეისკურს გრაუნდის რეკონსტრუქცია მოხდა. დაიგო ახალი საფარი, შეიცვალა სარწყავი სისტემა, ფეხბურთელთა და ოფიციალურ პირთა გასახდელები, განახლდა სამედიცინო აღჭურვილობა და შშმ პირთა ადგილები ტრიბუნაზე. საბოლოოდ სტადიონმა უეფას მე -3 კატეგორია მიიღო და საერთაშორისო მატჩების მასპინძლობის უფლებაც მიენიჭა.
სტადიონზე ტრიბუნა კოპი ბრიტანეთის მასშტაბით ყველაზე დიდ ფეხზე სადგომ ტრიბუნად ითვლება. ტრიბუნა თაუნ ენდი 5000- მდე გულშემატკივარს იტევს. იელის ტრიბუნა, რომელიც 1972 წელს აშენდა 4200 გულშემატკივარზეა გათვლილი. ამ ტრიბუნის ქვეშაა განაწილებული გასახდელები და კლუბის ოფისი. გლინდორ იუნივერსითის ტრიბუნა 2800 ქომაგს იღებს და მაყურებელს ხედვის საუკეთესი რაკურსს და აკუსტიკას სთავაზობს. მოლდ როუდ სთენდი 1999 წელს ძველი ტრიბუნის ადგილას აშენდა. 3500 კაცზე გათვლილი ტრიბუნა ასევე ტვ სტუდიისთვის არის გათვლილი. იქვე მდებარეობს საკლუბო მაღაზია და რესტორანი სახელად - გასახდელები.
რეისკურს გრაუნდზე პირველი კონცერტი 1982 წელს ცნობილმა როკ ჯგუფმა მოტორჰედმა გამართა. სტადიონზე თავისი პერფორმანსი ასევე თვისთედ სისთერმა, სტერეოფონიქსმა, ქეთფიშ ენდ ბოთლმენმა და იუ ბი 40- მა შესთავაზა გულშემატკივარს.
ირაკლი ბუხალი. დინამო თბილისის მედია სამსახური.