• Geo
  • Eng
17.04.2012
გიორგი დევდარიანმა დინამო დატოვა

გიორგი დევდარიანმა კლუბის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ  გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

გიორგი დევდარიანი - მივიღე გადაწყვეტილება დინამოს დატოვების თაობაზე. ამ ეტაპზე ჩემსა და ფეხბურთელებს შორის არ შედგა კომუნიკაცია, ჩვენ სხვადასხვა განზომილებაში ვიმყოფებით.  წლების მანძილზე ბავშვებთან მუშაობის შედეგად, ფეხბურთელების მხრიდან მიჩვეული ვიყავი სათამაშო დისციპლინის სრულ მორჩილებას, რაც ამ შემთხვევაში ვერ მოვახერხე.  ძალიან გამიჭირდა წლების მანძილზე ჩემს გაწვრთნილ 19-წლამდელთა ნაკრებზე უარის თქმა, მაგრამ წინ დინამო დავაყენე, ვინაიდან ძალიან მჯეროდა წარმატების. სამწუხაროდ მოლოდინი არ გამართლდა. როდესაც გუნდი ვერ აჩვენებს სათანადო შედეგს, ან მწვრთნელმა უნდა დატოვოს თანამდებობა, ან ფეხბურთელების ჯგუფმა. ამ შემთხვევაში  გადავწყვიტე, რომ   ჩემი წასვლა სწორი არჩევანი იქნებოდა. მე ისევ ვრჩები ქართული ფეხბურთის სამსახურში.

გიორგი დევდარიანი დინამოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე  1 თებერვლიდან მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 11 მატჩი გამართა, 4 მოიგო და 7 ფრედ დაასრულა. საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი მადლობას უხდის გიორგი დევდარიანს გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალ საქმიანობაში.

დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელის ფუნქციებს, გუნდის მეორე მწვრთნელი რამაზ მუმლაძე შეასრულებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024