27 აპრილს დინამო თბილისი უმაღლესი ლიგის ოცდამერვე ტურის შეხვედრას სტუმრად, ლანჩხუთში გურიას წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 16:00 საათზე დაიწყება და მატჩის ვიდეო და ტექსტურ რეპორტაჟს ტრადიციულად ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი შემოგთავაზებთ.
დინამოელებს ეროვნულ ასპარეზზე ლანჩხუთელთა წინააღმდეგ 24 მატჩი აქვთ გამართული. ურთიერთშეხვედრებში დინამოელები კოლოსალურ უპირატესობას ფლობენ – 19 მოგება, 3 ფრე და 2 მარცხი. ბურთების შეფარდება 73/14 ჩვენი გუნდის სასარგებლოდაა.
დედაქალაქელებმა გურია ექვსბურთიანი სხვაობით ოთხჯერ დაამარცხეს. ჩვენმა გუნდმა სამჯერ 6:0 მოუგო, 1999 წლის 15 მაისს, ეროვნული ჩემპიონატის მეათე გათამაშების XXVII ტურის შეხვედრაში კი მეტოქე 7:1 დაამარცხეს. აღნიშნულ დაპირისპირებაში სამი ბურთი აშვეთიამ გაიტანა, თოთო გოლი კი ჯინჭარაძის, კიკნაძის, ალექსიძის და ჩომახიძის ანგარიშზეა.
უკანასკნელი მატჩი დინამოსა და გურიას შორის 25 მარტს თბილისში გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრაში დედაქალაქელებმა მეტოქე 3:0 დაამარცხეს. გურიას კარში გოლები ჩისკომ, მარცვალაძემ და გლიშიჩმა გაიტანეს.