• Geo
  • Eng
23.05.2012
Stadium Business Summit 2012

Stadium Business Summit-ი ყოველწლიური ღონისძიებაა და წარმოადგენს საფეხბურთო სტადიონებთან და ზოგადად სპორტულ ნაგებობებთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემატური საკითხების განხილვის ფორუმს, რომელზეც საფეხბურთო(და არა მარტო) კლუბების, ფედერაციების, ლიგებისა და აგრეთვე ამ სფეროში მოღვაწე კერძო კომპანიების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ ღონისძიებებს უდიდეს მნიშვნელობას ანიწებს უეფა და საკმაოდ აქტიურადაც მონაწილეობს მასში.
წლევანდელი სამიტი 14 - 16 მაისს იტალიაში, კერძოდ კი ქალაქ ტურინში გაიმართა, რომელზეც თბილისის დინამოდან სტადიონის მენეჯერი ნიკოლოზ ჯღარკავა იყო მივლენილი.
ნიკოლოზ ჯღარკავა - ამ ღონისძიებას უკვე რამდენიმე წელია შორიდან ვადევნებ თვალს, სტადიონზე რამდენჯერმე მოწვევაც კი ჩამოგვივიდა, მაგრამ სამწუხაროდ გამგზავრება აქამდე ვერ მოვახერხეთ. წლევანდელ სამიტზე 600-ზე მეტმა დელეგატმა მოიყარა თავი მსოფლიოს ყველა წამყვანი კლუბებიდად, ფედერაციებიდან თუ სხვა ორგანიზაციებიდან და ძალიან სასიამოვნოა, რომ წელს კლუბის გენეარლური მენეჯერის სანდრო შახოვის და უეფას მედია ოფიცერის მამუკა კვარაცხელიას ინიციატივით ამ დიდ ღონისძიებაში დინამო და შესაბამისად ჩვენი სტადიონი - დინამო-არენაც ჩაერთო. 
ჩვენდა სასიხარულოდ წლევანდელი სამიტის მთავარი თემა - მოძველებული სტადიონების გათანამედროვება-კომერციალიზაცია და სტადიონებზე ფანთა მოზიდვის სტრატეგიული დაგეგმარება იყო, რაც პირდაპირ პასუხობს ჩვენი კლუბის და განსაკუთრებით სტადიონის წინაშე ამ ეტაპზე დღის წესრიგში მდგარ მთავარ პრობლემებს.სამიტის დამფუძნებელმა, ინგლისელმა იან ნათოლმა, რომელიც ძალზედ პატივსაცემი ფიგურაა საერთოდ “venue management”-ის სექტორში - სწორედ ამიტომ აირჩია წლევანდელი ღონისძიების მასპინძლად იტალია, სადაც სტადიონების  უმეტესობა, უფრო სწორედ კი ერთის გარდა ყველა(!) სამუნიციპალიტეტო დაქვემდებარებაშია და მოუქნელი და მოძველებული(თავად იტალიის ფეხბურთის ფედერაციის აზრით), საკანონმდებლო სისტემის მსხვერპლია. რაც შეეხება მასპინძელ ქალაქად ტურინის არჩევას, საქმე იმაში მდგომარეობს, რომ იტალიის ერთადერთი სტადიონი, რომელიც კლუბს ეკუთვნის, სწორედ იუვენტუსის არენა - “The Juventus Stadium”-ია, რომელიც 2011 წელს ძველი სტადიონის “Stadio Delle Alpi”-ს ადგილზე აშენდა, რაშიც ქალაქის მუნიციპალიტეტმა დიდი წვლილი შეიტანა. ეს ფაქტი კიდევ უფრო სასიამოვნოა, იმ კუთხით, რომ დინამოს სტადიონის გრძელვადიანი არენდით გადაცემა სკ დინამოსთვის სწორედ თბილისის მერიის დამსახურებაა.
კონფერენციის პირველი დღის ძირითადი ნაწილი იტალიური სტადიონების პრობლემებს, მათი მწარე გამოცდილების გაზიარებას და პრობლემის გადასაჭრელი გზების ძიებას დაეთმო, რაშიც იტალიური ფეხბურთის მაღალჩინოსნები “Serie A”-ს გენერალური დირექტორი მარკო ბრუნელი, “Serie B”-ს გენერალური დირექტორი პაოლო ბედინი და FIGC-ს(იტალიის ფეხბურთის ფედერაცია) განვითარების მენეჯერი მიკელე უვა უძღვებოდნენ. ამ უკანასკნელს წიგნიც კი აქვს გამოცემული სათაურით - “La Ripartenza” განმეორება (განმეორებითი შანსი), რომელიც მთლიანად იტალიის სტადიონების ამ კრიტიკული მდგომარეობიდან გამოყვანისათვის საჭირო გამოსავლის ძიებას ეთმობა. მისი აზრით პრობლემის მიზეზი იტალიაში გამართული 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის აშენებული თუ რეკონსტრუირებული სტადიონებია.
ეს სტადიონები დღეს ქვეყნის მთავარ საფეხბურთო არენებს წარმოადგენენ და მათი დაგეგმარებისას დაშვებულმა სტრატეგიულმა შეცდომებმა - მარკეტინგის, კომფორტის, უსაფრთხოების, საავტომობილო მისადგომობისა თუ პარკირების და სხვა კუთხით, განაპირობა ის, რომ დღეს ისინი თავიანთი ქალაქების ბიუჯეტს მძიმე ტვირთად აწვანან და საფეხბურთო მატჩების გარდა მათი ვერანაირი სხვა აქტივობით (მაგ. კონცერტები, შოუები, კომერციული ფართის გამოყენება, საზეიმო იუბილეები და ა.შ.) დატვირთვა ვერ ხერხდება. მიკელე უვას აზრით გამოსავლის უმოკლესი გზა ახალი საკანონმდებლო დოკუმენტაციის მიღება იქნება, რომელიც სპეციალურად სპორტულ ნაგებობების და მუნიციპალიტეტის ურთიერთობებს შეეხება და საშუალებას მისცემს იტალიურ კლუბებს ნაწილობრივ მაინც მოახდინონ სტადიონების პრივატიზაცია და შემდგომ უკვე ღია კონკურენტულ გარემოში განახორციელონ მათი გათანამედროვება/კომერციალიზაცია და შესაბამისად შემოსავლების ოპტიმიზირება.
კონფერენციაზე ისიც აღინიშნა, რომ მსგავსი პრობლემების მსხვერპლი შეიძლება უკვე მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატისთვის აშენებული სამხრეთ აფრიკული სტადიონებიც გახდნენ. სპეზიალისტებმა ეს უკვე მსოფლიოს ჩემპიონატის დამთავრებისთანავე იწინასწარმეტყველეს და მათი მდგომარეობა წლიდან-წლამდე უფრო და უფრო მძიმდება.
საკონფერენციო საათების პარალელურად საშუალება მოგვეცა გავცნობოდით წამყვანი აუდიტორული კომპანიების Deloitte-ის და KPMG-ის კვლევებს და მათ მიერ დამუშავებულ უამრავ ფინანსურ და სტატისტიკურ მასალას, რომელიც ფეხბურთის ნებისმიერი გულშემატკივრისთვისაც ძალიან საინტერესო იქნებოდა. მაგალითად Deloitte-ის ერთერთი კვლევის შედეგად ირკვევა, რომ ბოლო ათწლეულის  განმავლობაში ევროპის 4 წამყვანი ლიგიდან 3-ის დასწრება გაიზარდა - გერმანიის ბუნდესლიგის 48%-ით, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 22%-ით, ხოლო ინგლისის პრემიერ ლიგის 15%-ით. და რაოდენ პარადოქსულია, რომ იტალიის სერია ა-ს დასწრება შემცირდა 21%-ით!!! მაშინ, როდესაც ბილეთის საშუალო ფასი იტალიაში ამ სამივე ლიგასთან შედარებით საგრძნობლად დაბალია! მომხსენებლებმა ეს სწორედ სტადიონების ფაქტორს დაუკავშირეს. კომპანია KPMG-ის რაც შეეხება მისი კვლევა Stadium Insight 2011 წამყვანი სტადიონების მენეჯერთა სამაგიდო წიგნად არის ქცეული.
Dელოიტტე-ის ავტორიტეტულ კვლევართა მტკიცებით განვითარებულ ქვეყნებში წარმატებული სპორტული არენები ძირითადად კერძო, ხოლო განვითარებად ქვეყნებში კი შერეულ - მუნიციპალურ-კერძო დაქვემდებარებაში უნდა იყოს, რაც ჩვენი დინამოს სტადიონის განვითარებისთვისაც ერთ-ერთი წინამპირობაა. სწორედ კლუბისა და ქალაქის მერიის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა გვაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ სწორი მენეჯმენტის პირობებში სტადიონი შეძლებს არა მხოლოდ თავის შენახვას, არამედ კლუბისა და ქალაქის ხაზინაში გარკვეული თანხების შემოტანასაც. 

ორგანიზატორებმა შედარებისათვის ამ სფეროში განხორციელებული რამდენიმე წარმატებული პროექტიც წარმოგვიდგინეს განსახილველად, რომელთაგან გერმანული კლუბის FSV Mainz 05-ის არენის მაგალითს გამოვყოფდი: არაფრით გამორჩეული გერმანული კლუბის FSV Mainz 05-ისთვის 2011 წელს ქალაქ Mainz-ის მახლობლად ხორბლის ყანებში აშენებულმა სტადიონმა - Coface Arena-მ სწორი მენეჯმენტის ხარჯზე იმდენს მიაღწია, რომ დღესდღეობით ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული არენაა და საფეხბურთო მატჩების გარდა წელიწადში 100-მდე(!) სხვადასხვა სახის ღონისძიებას მასპინძლობს, ხოლო მისი მშენებლობის ბიუჯეტმა კი ევროპული სტადიონისათვის ძალიან მცირე თანხამ - 60-მა მილიონმა ევრომ შეადგინა. კონფერენციის მეორე დღე სტადიონებზე ფანთა მოზიდვის სტრატეგიის დაგეგმარებას დაეთმო.
პირველი პრეზენტაცია ამერიკის სპორტული მარკეტინგის სფეროში აღიარებულმა მარკეტოლოგმა პატ კოილმა წაიკითხა, რომელსაც თავისი 25 წლიანი კარიერის მანძილზე NBA-სა და NFL-ის სხვადასხვა კლუბებში უმუშავია. მან თავისი ახალი პროგრამა Sports Marketing 2.0 წარმოგვიდგინა, რომელიც ძირითადად სტადიონებზე თანამედროვე ქსელურ სისტემებზე დაყრდნობით, საკლუბო ციფრული აპლიკაციების და სმარტფონების მხარდაჭერის მაღალტექნოლოგიური სიახლეების გამოყენებაში გამოიხატება, რაც გაცილებით უფრო საინტერესოს და კომფორტულს ხდის მაყურებლისთვის სტადიონზე ყოფნას. დღესდღეობით შეიძლება ეს ჩვენი რეალობისთვის ცოტა ნაადრევია, მაგრამ, მსგავსი ტექნოლოგიური სიახლეებისთვის მზად უნდა ვიყოთ და ამისათვის პირველი ნაბიჯები ალბათ დღესვე უნდა გადავდგათ. სტადიონზე ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და მის ფარგლებში მაღალგამტარიანი ქსელური კომუნიკაციების ჩამონტაჟების დაგეგმარება უკვე უნდა დავიწყოთ, მითუმეტს, რომ საქართველომ უკვე შეიტანა განაცხადი 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე.…
საინტერესო იყო SPL-ის(შოტლანდიის პრემიერ ლიგის) ხელმძღვანელის ნილ დონკასტერის მოხსენება, რომელმაც მისი ლიგის კრიზისული წლების საერთო ანალიზი წარმოგვიდგინა, სადაც განხილული იყო თუ როგორ უმკლავდებოდნენ შოტლანდიის ლიგის ისედაც ღარიბი (ევროპული მასშტაბით, რა თქმა უნდა) კლუბები კრიზისულ წლებს. საუკეთესო იყო კლუბ Kilmarnock-ის სტატისტიკა, რომელმაც საოჯახო აბონიმენტების ხარჯზე მოახერხა გაეზარდა თავისი საბილეთო გაყიდვები ხსენებულ წლებში. შოტლანდიის ლიგაში დიდი ყურადღება ექცევა საოჯახო საბილეთო პაკეტებს, რასაც SPL-ის მიერ სპეციალურად დაწესებული შესაბამისი ყოველწლიური ჯილდო SPL Family Champions-იც (საოჯახო ჩემპიონები) მოწმობს. ამერიკული  MLS-ის კლუბის Kansas City Wizards-ის მარკეტინგის სამსახურმა ახალი პიარ კამპანიის შედეგად, რომელიც ძირითადად სოციალური ქსელების - Twitter-ის და Facebook-ის გამოყენებით და ველოსპორტის ცოცხალი ლეგენდის ლენს არმსტრონგის მონაწილეობით ხორციელდებოდა, სეზონის წინ ყველა სასეზონო აბონემენტის გაყიდვა მოახერხა, რაც MLშ-ისათვის ძალიან დიდი მიღწევაა. კამპანიის ფარგლებში მიმდინარეობდა თავად არმსტრონგის საქველმოქმედო ფონდ - Livestrong Foundation-ის აქტიური საქველმოქმედო პროგრამა, რამაც ამ ამერიკულ საფეხბურთო კლუბს არა მარტო კანზასში არამედ მთლიანად ქვეყნის მასშტაბით შესძინა გულშემატკივარი.

კონფერენციაზე დიდი ყურადღება დაეთმო სწრაფი კვების ობიექტებს და მათ მნიშვნელობას მაყურებელთა მოზიდვაში. მაგალითად, ევროპული საზომებით მოკრძალებულმა ინგლისურმა კლუბმა Brighton & Hove Albion-მა ახალი სტადიონის სწორი დაგეგმარებით და სტადიონზე სრაფი კვების ობიექტების და მათი მომსახურების დონის ამაღლებით იმდენს მიაღწია, რომ მათი არენის Falmer Stadium-ის შტატში 70 (!) მარტო შეფ-მზარეული ჰყავთ დასაქმებული და სტადიონის დასწრება თითქმის 100% უახლოვდება. ამ სტადიონის ტევადობა 22,300-ა და წლის ბოლოსთვის კიდევ 8,000-ი ადგილით გაზრდა იგეგმება.

ფორუმზე ჩვენი რეალობისათვის საკმაოდ მტკივნეულ საკითხს - სტიუარდებსაც დაეთმო დრო როგორც აღმოჩნდა მათთვის სწორი ტრენინგების ჩატარების აუცილებლობა უკვე საკმაოდ მწვავედ დგას ბევრი თუნდაც წარმატებული სტადიონის დღის წესრიგში და ამ საქმიანობით დაკავებული კერძო კომპანიები სოკოებივით ჩნდება სპორტულ ბაზარზე. უელსური Cardiff City-ს წარმომადგენელმა ჯულიან ჯენკინსმა თავის სიტყვაში ნათლად დაგვანახა, თუ რა ზიანი შეიძლება მიაყენოს სტადიონს მისი სტიუარდის ერთმა არასწორმა სიტყვამ ან საქციელმა. ჩვენდა სასიხარულოდ ამ წლის დასაწყისში დინამო-არენაზე სტიუარდთა ტრენინგების კურსის პირველი ეტაპი უკვე დავიწყეთ. 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024