სართიჭალაში რეგიონული ლიგის დ ჯგუფის გადამწყვეტი მატჩი შედგა, რომელშიც ადგილობრივმა შტურმმა დინამო 2- ს უმასპინძლა. ორივე გუნდი გადამწყვეტ შეხვედრას სატურნირო ცხრილში მაქსიმალური შედეგით შეხვდა, დინამოს უპირატესობა კი უკეთესი ბურთების ბალანსით გამოიხატებოდა და ამიტომ დედაქალაქელებს პრინციპულ შეხვედრაში ქულაც ხელს აძლევდა. მატჩი ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო და შეიძლება ითქვას, რომ პაექრობა ბოლომდე დაძაბულად და მაღალ რიტმში წარიმართა. მასპინძლებმა ანგარიში ტაიმის დებიუტში გახსნეს, სტუმრებმა კი მალევე აღადგინეს წონასწორობა. ირაკლი აზაროვის კარგი გადაცემა შედეგიან დარტყმად თორნიკე ახვლედიანმა გარდასახა, დინამოელთა ფორვარდმა მეკარეს ბურთი თავზე გადაავლო. დინამოელებს მატჩის მანძილზე კიდევ რამდენჯერმე შეეძლოთ ანგარიშის შეცვლა, მაგრამ უშედეგოდ. მეორე ტაიმში შტურმის კარი ძელმაც იხსნა. შეხვედრის ბოლო წუთზე დინამოელთა კარში პენალტი დაინიშნა, გამოცდილმა ომარ მიგინეიშვილმა კი თერთმეტმეტრიანზე ზუსტი რეაგირება მოახდინა და მატჩიც ფრედ დასრულდა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა ჩემპიონატი გამარჯვებულის სტატუსით დაამთავრა და მომავალი წლისთვის ლიგა 4- ის საგზურიც მიიღო.
შტურმი 1-1 დინამო 2
დინამო-2: მიგინეიშვილი, კვარაცხელია, სალუქვაძე, გაგნიძე, ხვადაგიანი, აზაროვი, მორჩილაძე, მექვაბიშვილი, ლომინაძე, ზურაბიანი, ახვლედიანი
სათადარიგო სკამი: კუტალაძე, მაისურაძე, უგრეხელიძე, ოსიყმაშვილი, ფარულავა, გვიშიანი, იობაშვილი