დინამო თბილისი თურქულ შეკრებაზე მესამე ამხანაგურ შეხვედრას დღეს გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე უკრაინული პრემიერ ლიგის წარმომადგენელი - კოლოსი გახლავთ. მატჩი ბელეკში თბილისის დროით 17 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
კოვალევკას დასახლების გუნდი 2012 წელს დაარსდა და 5 000- იან კოლოსის სტადიონზე თამაშობს. საკლუბო ფერები კი შავი, ყვითელი და თეთრია. კოლოსი 2019/2020 სეზონიდან უკრაინულ პრემიერლიგაში ასპარეზობს. კოვალევკა ყველაზე მცირედით დასახლებული ქალაქია, რომელსაც აქამდე უკრაინის უმაღლეს ლიგაში გუნდი ჰყოლია. მანამდე ამ რეკორდს შეპეტოვკის ტემპი და ახტირკას ნეფტიანიკი ფლობდნენ. გუნდმა 2020 წელს ევროპა ლიგის გათამაშებაშიც მიიღო მონაწილეობა. ბერძნულ არისთან 2-1 გამარჯვების შემდეგ, კოლოსი ხორვატულ რიეკასთან გასვლით მატჩში 0-2 დამარცხდა.
მიმდინარე ჩემპიონატში კოლოსი 13 ჩატარებული ტურის შემდეგ დაგროვილი 18 ქულით სატურნირო ცხრილის მეექვსე ადგილს იკავებს.
უკრაინელები თურქულ შეკრებაზე 12 იანვრიდან იმყოფებიან. ჩვენმა ოპონენტმა 17 იანვარს სერბული პროლეტარი 1-0 დაამარცხა, 23 იანვარს სილექსს 2-1 აჯობეს, ხოლო 24 იანვარს 2-0 ვოჟდოვაცი დაამარცხეს. 28 იანვარს კოლოსი მარიბორთან 2-3 დამარცხდა.
კოლოსს ადგილობრივი ფეხბურთის სპეციალისტი რუსლან კოსტიშინი ხელმძღვანელობს.