თურქულ შეკრებაზე ბოლო, მერვე სპარინგი დინამოელებმა უკრაინული რივნეს ვერესთან გამართეს. გიორგი ნემსაძემ აღნიშნულ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობა ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებს ანდო და შეიძლება ითქვას, რომ საყურებლად საინტერესო პირველი ტაიმიც იხილა გულშემატკივარმა. საწყის წუთებში უკრაინელებმა უპირატესობა მოიპოვეს და უკვე მეექვსე წუთზე პეტკომ ანგარიში გახსნა. ვერესის ფეხბურთელთა აქტიურობა გაგრძელდა და ათიოდე წუთში დინამოელთა კარში პენალტიც დაინიშნა, რომელიც სერგიიჩუკმა გოლად გარდასახა. მიღებულმა მეორე გოლმა თბილისელები გამოაცოცხლა და ერთ წუთში გიორგი მოისწრაფიშვილმა ლამაზი დარტყმით სხვაობა შეამცირა. დინამომ ხელთ იგდო სათამაშო უპირატესობა და უკვე 33- ე წუთზე თორნიკე ახვლედიანმა ზუსტი თავურით სტატუს ქვო აღადგინა. კიდევ ექვს წუთში ჩვენი გუნდის შეტევა მოედნის ცენტრიდან გიორგი კუციამ გააგრძელა, მიუახლოვდა მეტოქის საჯარიმოს და ზუსტი გასროლით, როგორც შემდგომ გაირკვა საფინალო ანგარიში დააფიქსირა. მეორე ტაიმში ორივე გუნდის შემადგენლობაში არერთი ცვლილება გაკეთდა. აღსანიშნავია დინამოელთა ახალგაზრდა გოლკიპერის ლუკა კუტალაძის კარგი თამაში, რომელმაც რამდენიმე ეპიზოდში საკმაოდ დამაჯერებლად იასპარეზა. ასევე აღნიშვნის ღირსია კარლოს კასტროს მოხდენილი დარტყმა, ბურთი ხარიხამ მოიგერია, დამატებაზე ზორან მარუშიჩმა გაიტანა, მაგრამ ლაინსმენმა თამაშგარე დააფიქსირა. საბოლოოდ დინამომ 3-2 მოიგო და ხვალ თბილისში დაბრუნდება. 21 თებერვალს კი ჩვენი გუნდი სუპერთასის ფინალში გაგრას დაუპირისპირდება.
დინამო 3-2 ვერესი
დინამო: მიგინეიშვილი, კობოური, ხვადაგიანი, პაპავა, კუცია, ლომინაძე, შულაია, წოწონავა, მოისწრაფიშვილი, იობაშვილი, ახვლედიანი
მეორე ტაიმში შევიდნენ: კუტალაძე, იაშვილი, მონხილი, სპორკსლეიდი, ქარდავა, მექვაბიშვილი, რადინი, კასტრო, მარუშიჩი, გაბედავა
ვერესი: კოგუტი, სოლდატი, მახნევი, გონჩარემკო, ნემჩანინოვი, დახნოვსკი, პეტკო, პოლიულიახი, პასიჩი, შესტაკოვი, სერგიიჩუკი
მეორე ტაიმში შევიდნენ: ბაბიიჩუკი, სავოშკო, მიროშნიკი, დანილიუკი, ტიმოფიენკო, პანასენკო, გუსტავო, გეგედოში, გაიდუჩიკი