სამშაბათს 9 მარტს, ეროვნული ლიგის მესამე ტურის ცენტრალურ შეხვედრას დინამო არენა უმასპინძლებს. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ვიცე ჩემპიონს შეხვდება. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 60 მატჩიდან 41 მტკვრისპირელებმა მოიგეს, 10 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 9 დაპირისპირებიდან ზღვისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 124/53 თბილისელთა სასარგებლოდ.
ურთიერთშეხვედრებში ყველაზე მეტჯერ - თერთმეტჯერ დაფიქსირდა ანგარიში 1:0. რვაჯერ მატჩი 2:1 მორჩა, შვიდჯერ 3:1 მორჩა, ექვსჯერ კი შეხვედრები 2:0 და 3:0 დასრულდა. ყველაზე უხვგოლიანი მატჩი 1994 წლის 18 სექტემბერს გაიმართა. ბათუმში ჩატარებულ შეხვედრაში რვა გატანილი გოლი ვიხილეთ. არჩილ არველაძის ჰეთ–თრიქს, შოთა არველაძის დუბლი მიემატა და თბილისელებმა 5:3 იმარჯვეს. იმავე ანგარიშით იმარჯვა დინამო თბილისმა 2012 წლის 11 ნოემბერს. დიდი ანგარიშით დინამო მეთექვსმეტე ჩემპიონატის მეცხრე ტურში დამარცხდა. 2004 წელს ჩატარებულ შეხვედრაში დედაქალაქელები 0:3 დამარცხდნენ. ყველაზე დიდი ანგარიშით მტკვრისპირელებმა მეტოქე 2007 წლის 29 სექტემბერს დაამარცხეს. მეცხრამეტე ჩემპიონატის მეშვიდე ტურში დინამომ შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა ბათუმელ სეხნიას. თავი კი გამოიჩინეს: სანდრო კობახიძემ და ჯორჯ აკირემმა დუბლებით, მიხეილ ხუციშვილმა, ილია სპასოევიჩმა და ლევან ხმალაძემ კი თითო გოლით. 2017 წლის 28 მაისს დინამო არენაზე გაიმართული პაექრობა თბილისელთა გამარჯვებით ასევე დიდი ანგარიშით 4:0 დასრულდა. გოლები ბათუმელთა კარში ბექა მიქელთაძემ, საბა ლობჟანიძემ (2) და გიორგი გველესიანმა გაიტანეს. ბოლოს ორი დინამო ერთმანეთს ქუთაისში შეხვდა. 2020 წლის 12 სექტემბერს გამართული მატჩი დინამომ 3:1 მოიგო. გოლები გიორგი გაბედავამ, ბაქარ ქარდავამ და გიორგი ზარიამ გაიტანეს.