• Geo
  • Eng
20.03.2021
დინამოს სამი ქულა თელავიდან

მეხუთე ტურის მატჩი კავკასიონი არენაზე თელავსა და დინამოს შორის 18.00 საათზე საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. დინამოელებს ტრავმის გამო შეხვედრაში საიმონ ბენიო და კარლოს კასტრო გამოაკლდათ, მასპინძლებმა კი კოვიდ ვირუსის გამო რამდენიმე ფეხბურთელი მოისაკლისეს. თავად მატჩი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და საწტყის წუთებში სახიფათო მომენტიც შექმნეს, რომელიც სტუმართა დაცვის ხაზმა განმუხტა. მე- 7 წუთზე იმედა აშორტიას ძლიერი დარტყმა, რომელიც აცდა დინამოელთა კარს. დინამომაც შეუტია და პირველივე შეტევისას ლაშა შერგელაშვილს გაშლილ ხელზე ხვდება ბურთი, თუმცა მსაჯი აგრძელებს თამაშს. აქვე გიორგი გაბედავამ მცირე ტრავმა მიიღო და მატჩი თავშეხვეულმა გააგრძელა. დინამომ უმატა შეტევებს და ვიქტორ მონხილის დარტყმას კუთხური მოჰყვა. ჩაწოდებული ბურთს ზორან მარუშიჩი ორჯერ გზავნიდა მიზანში და თელაველთა კარი ორივეჯერ ძელმა იხსნა. მატჩის დაწყებიდან ნახევარი საათის თავზე დინამოელთა საჯარიმო, დავით კობოურის თავური, რომელსაც სიძლიერე დააკლდა და ბურთი ლუკა სანიკიძემ ხელებში მიიღო. მასპინძელთა კარი კიდევ ერთხელ 37- ე წუთზე ზორან მარუშიჩის დარტყმის შემდეგ გადარჩა, ბურთი ბოლო წამს დაწოლილ მცველს მოხვდა და კუთხურზე გადავარდა. მილან რადინის საჯარიმოს კუთხიდან დარტყმული კი სანტიმეტრებში აცდა თელაველთა კარის ცხრიანს. მორიგი კუთხური და მარუშიჩის თავურსაც ცოტა დააკლდა მიზნამდე. პირველი ტაიმის შუიდან დინამოელებმა საგრძნობი სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს. პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე მორჩა. მეორე ნახევარი სტუმართა შეტევებით განახლდა. მარჯვენა ფრთიდან ფაბიან სპორქსლედეს მწვავე ჩაწოდება, მაგრამ გიორგი გაბედავა ვერ შეწვდა ბურთს. მატჩის 55- ე წუთზე თბილისელთა შეტევა, ზორან მარუშიჩმა ერთი შეხებით ანზორ მექვაბიშვილს საჯარიმოში შეაყოლა ბურთი, მაგრამ ახალგაზრდა დინამოელმა საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. დინამოელთა შეტევებმა საბოლოო და ლოგიკური შედეგი 63- ე წუთზე გამოიღო. ანზორ მექვაბიშვილმა ბურთი საჯარიმოში შერბენილ დავით კობოურს შეაყოლა, მანაც ერთი შეხებით ჩააწოდა და ზორან მარუშიჩმა თავით დალაშქრა თელაველთა კარი. ექვს წუთში დინამომ მეორე გოლიც შეაგდო, ფაბიან სპორქსლედემ მეტოქეს ბურთი თავზე გადაუტარა და ძირსდაუშვებლად გაისროლა ლუკა სანიკიძის კარში 0-2. ამის შემდეგ გიორგი გაბედავას შეეძლო მესამე გოლის გატანა, მაგრამ თავით ააცილა კარს, სამაგიეროდ მილან რადინმა დაახლოებით 25 მეტრიდან ცხრიანში გაისროლა და 0-3. 73- ე წუთზე მოედანზე დიდიხნის შემდეგ ახალგზრდა ლევან ხარაბაძე გამოჩნდა, რომელმაც საბოლოოდ მოიშუშა ტრავმა. საბოლოოდ დინამომ იმარჯვა და სანაკრებო პაუზის შემდეგ გორის დილას უმასპინძლებს.

 

თელავი  0-3  დინამო

გოლი: 0-1 მარუშჩი 63’  0-2 სპორქსლედე 69’  0-3 რადინი 72’ 

გაფრთხილება: ხვადაგიანი 22’  ჯანელიძე 38’  კაპანაძე 43’  რადინი 62’ 

 

თელავი: სანიკიძე, კაპანაძე, ბერიაშვილი, თევზაძე, შერგელაშვილი, ჯანელიძე, ინჯგია, აშორტია (კარნეირუ 72), გაბისკირია, შეყილაძე, პერეირა

დინამო: კვასხვაძე, ხვადაგიანი (ხარაბაძე 73), პაპავა, მონხილი, მექვაბიშვილი (მოისწრაფიშვილი 73), გაგნიძე (კუცია 78), კობოური, სპორქსლედე (წოწონავა 78), რადინი, გაბედავა (ახვლედიანი 73), მარუშიჩი

 

მსაჯი: ი. ხერხაძე

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024