• Geo
  • Eng
11.04.2021
მიჯრით მეხუთე მოგება

დღეს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის მერვე ტურის მატჩი შედგა, რომელშიც დინამომ სამტრედიას უმასპინძლა. მასპინძლებმა კოვიდ ვირუსის გამო შეხვედრაში 4 ფეხბურთელი - როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი, ფაბიან სპორქსლედე და სეკუ კეიტა მოისაკლისეს, კარში კი ახალგაზრდული გუნდის გოლკიპერი ლუკა კუტალაძე იხილა სტადიონზე მოსულმა გულშემატკივარმა.

მატჩი დინამოელთა უპირატესობით დაიწყო და რამდენიმე არაზუსტი შეტევის შემდეგ ანგარიში მე- 20 წუთზე დავით კობოურის გადაცემის შემდეგ, გიორგი გაბედავამ გახსნა. ორიოდე წუთში ბაქარ ქარდავამ შორიდან გაისროლა და 2-0. ამას სტუმართა სახიფათო შეტევა მოჰყვა და 26- ე წუთზე ოთარ კობახიძემ ერთი გოლი გაქვითა. ტაიმის ბოლოსკენ სამტრედიას კარი ორჯერ მიჯრით გადაურჩა გოლს. პირველ შემთხვევაში ბაქარ ქარდავა შეიჭრა საჯარიმოში და მისი გადაცემა ბოლო წამს ჩაჭრეს მცველებმა, ლუკა კუტალაძის ტექნიკური თამაში კი ბოლოს კუთხურით დასრულდა. ამის შემდეგ ნოდარ იაშვილს მართებდა ანგარიშის გაზრდა, მაგრამ მისი დარტყმული გოგი კულუამ უკუაგდო. ტაიმი დასრულდა, დინამო არენაზე კი ჩვენი გუნდის უფროსმა გია ჯიშკარიანმა დავით ოდიკაძეს სიმბოლური საჩუქარი - დინამოს მაისური გადასცა. შეგახსენებთ, რომ დავით ოდიკაძემ ხანგრძლივი კარიერა დაასრულა, დინამოში კი 149 ოფიციალური მატჩი დაუგროვდა. მეორე ტაიმი გუნდებმა შედარებით დაბალ რიტმში დაიწყეს. მატჩის დაწყებიდან ერთი საათის თავზე კი ნათან ჟუნიორს ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლო, თუმცა ბოლო მომენტში ვერ შეწვდა ბურთს. დინამოელებს კი საპასუხოდ ჰქონდთ მწვავე შეტევა, თორნიკე ახვლედიანი და გიორგი კუცია აქტიურობდნენ, თუმცა მომენტი ბოლო წამს მცველებმა განმუხტეს. ცოტახანში უკვე დავით კობოურს შეეძლო გოლის გატანა, მან ბურთი საჯარიმოში მიიღო, მაგრამ დარტყმა არ გამოუვიდა და ბურთი ზევიდან გადაცდა სამტრედიის კარს. მატჩის 74- ე წუთზე მოედანზე გიორგი გაბედავას ნაცვლად ახალგაზრდა გიორგი აბუაშვილი გამოჩნდა. დინამოელებს დარჩენილ წუტებში კიდევ რამდენიმე სახიფათო მომენტი ჰქონდათ, მეტი აღარაფერი შეცვლილა და დედაქალაქელებმა მორიგი 3 ქულა ჩაიწერეს აქტივში. მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 16 აპრილს ლოკომოტივის წინააღმდეგ გამართავს.

 

დინამო  2-1  სამტრედია

გოლი: 1-0 გაბედავა 20’  2-0 ქარდავა 22’  2-1 კობახიძე 26’ 

გაფრთხილება: კობახიძე 24’ 

 

დინამო: კუტალაძე, ხვადაგიანი, პაპავა, მონხილი, ქარდავა (მექვაბიშვილი 79), გაგნიძე, კობოური, იაშვილი (კუცია 60), რადინი, გაბედავა (აბუაშვილი 74), მარუშიჩი (ახვლედიანი 60)

სამტრედია: კულუა, ცეცხლაძე, კვირკვია, მესიაჩენკო, კობახიძე (გადირზადე 66), ჟუნიორი (ლომთაძე 74), რუხაძე (დოობი 74), იოსელიანი, რობაქიძე (ილურიძე 66), სამბუ, გიორგაძე (ლალიჩი 70)

 

მსაჯი: ა. აფციაური

 

 

 

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024