დინამო არენამ ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრა მიიღო,რომელშიც დინამომ გორის დილას უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ რეგულაციების დაცვით შეხვედრას გულშემატკივარიც დაესწრო. მატჩის დაწყებამდე სტადიონზე მყოფმა გულშემატკივარმა და ფეხბურთელებმა წუთიერი დუმილით პატივი გურამ დოჩანაშვილის ხსოვნას მიაგეს.
თავად მატჩი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და საწყის წუთებში რამდენიმე სახიფათო შეტევაც განახორციელეს. მე- 13 წუთზე მეკარის მიერ გამოტანილი ბურთი კარგად ჩაჭრა ლუკა გაგნიძემ და საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტი დარტყმით დინამოს ფორმით სადებიუტო გოლი გაიტანა 1-0. ცოტახანში ზორან მარუშიჩი აღმოჩნდა ლუკა გუგეშაშვილთან პირისპირ, მაგრამ ვერ აჯობა მეკარეს. ტაიმის შუაში თამაშის რიტმი ოდნავ დაეცა, სათამაშო უპირატესობას კი კვლავინდებურად დინამოელები ფლობდნენ. 43- ე წუთზე ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ დავით კობოურს მართებდა ანგარიშის გაზრდა, მაგრამ მისი დარტყმული ზევიდან გადაცდა დილას კარს. მეორე ტაიმი დინამომ ისევ მაღალ რიტმში დაიწყო და მიყოლებით რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ უშედეგოდ. 62- ე წუთზე ზორან მარუშიჩის გადაცემა და მილან რადინს ბოლო წამს მცველმა დაუბლოკა ბურთი. შეხვედრის 70- ე წუთზე დინამოელებმა კიდევ ერთი რეალური მომენტი ვერ გამოიყენეს. თორნიკე ახვლედიანის ერთი შეხებით პასი და ზორან მარუშიჩი ისევ პირისპირ აღმოჩნდა მეკარესთან, მისი დარტყმული ბურთი კი სტუმართა კარის ხარიხას ზევიდან გადაევლო. კიდევ ერთხელ მე- 80 წუთზე შეეძლოთ დინამოელებს გატანა, მაგრამ გიორგი პაპავას თავური არ გამოდგა ზუსტი. საბოლოოდ დინამომ 1-0 მოიგო და ჩემპიონი სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
დინამო 1-0 დილა
გოლი: 1-0 ლ. გაგნიძე 13’
გაფრთხილება: მექვაბიშვილი 3’ პაპავა 41’
დინამო: კვასხვაძე, ხვადაგიანი, პაპავა, მონხილი, მექვაბიშვილი (ქარდავა 46), ლ. გაგნიძე, სპორქსლედე, კობოური (ხარაბაძე 68), რადინი (კუცია 84), გაბედავა (ახვლედიანი 63), მარუშიჩი (იაშვილი 84)
დილა: გუგეშაშვილი, ჩიტეიშვილი, ღუდუშაური, მაისაშვილი, კაპანაძე, ნონდი, სანტოსი, ნ. გაგნიძე (მოსიაშვილი 73), სილვა, კამარა (ბუღრიძე 66), ეტოუ
მსაჯი: გ. ყრუაშვილი