33- ე ეროვნული ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურის მატჩი ტორპედოსთან დინამო არენაზე 18:00 საათზე დაიწყება.
ჩვენი მეტოქე
ქუთაისის საფეხბურთო კლუბი ტორპედო 1946 წელს დაარსდა. ტორპედო საშინაო შეხვედრებს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მართავს, რომელიც 14 000 მაყურებელს იტევს. ქუთაისური კლუბის სიმბოლიკა შავ და თეთრ ფერებში არის გადაწყვეტილი. ტორპედომ პირველ სერიოზულ წარმატებას დაარსებიდან სამი წლის თავზე მიაღწია, ტორპედო იმჟამინდელი საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ჩვენი მომავალი მეტოქე 1960 წლიდან – 1962 წლამდე სსრკ ჩემპიონატის ბ ლიგაში ასპარეზობდა. სსრკ პირველობის უმაღლეს ლიგაში ტორპედომ პირველი ოფიციალური მატჩი 1962 წლის 2 მაისს საკუთარ მოედანზე გამართა. სადებიუტო შეხვედრაში ქუთაისელმა ფეხბურთელებმა მოსკოველი თანაკლუბელები ანგარიშით – 4:2 დაამარცხეს. 1963 წლის 15 აპრილი ქუთაისის ცენტრალური სტადიონისთვის ისტორიული თარიღია. ამ დღეს ერთმანეთს ქუთაისის ტორპედო და დინამო თბილისი დაუპირისპირდნენ, შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, ფრედ – 0:0 დასრულდა. აღნიშნულ მატჩს 40 000 მაყურებელი დაესწრო და ეს მაჩვენებელი ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონისთვის დღემდე სარეკორდო მაჩვენებლად ითვლება. 1970 წლის სეზონი ქუთაისის ტორპედოსთვის წარუმატებელი გამოდგა. გუნდი სსრკ- ს პირველობის უმაღლესი ლიგიდან პირველ ლიგაში დაქვეითდა და შესაბამისად მომდევნო სეზონი ქვედა ლიგაში დაიწყო. ქუთაისელებმა 1982, 1983 და 1985, 1986 სეზონები გაატარეს უმაღლეს ლიგაში. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ქუთაისის ტორპედო დინამო თბილისის შემდეგ, ყველაზე მეტჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. ქუთაისურმა გუნდმა 1999-00, 2000-01, 2001-02 და 2017 წლებში იმარჯვა ეროვნულ პირველობაზე. ამავე პერიოდს უკავშირდება ტორპედოს წარმატებული ასპარეზობა საქართველოს თასზეც, გუნდმა 1998–99, 2000–01 წლების სეზონში ორჯერ აღმართა თასი. მომდევნო თასი ქუთაისურმა გუნდმა 15 წლის შემდეგ მოიპოვა. 2016 წლის გარდამავალ პირველობისას რიონისპირელებმა თასის ფინალში მარტვილის მერანი 2:1 დაამარცხეს. 2018 წელს ტორპედომ საჩხერის ჩიხურას დამარცხებით საქართველოს სუპერთასიც მოიპოვა. იგივე ტიტული ქუთაისელებმა 2019 წელს საბურთალოსთან პაექრობაში მოიგეს.
მწვრთნელი და ტორპედო
ქუთაისის ტორპედოს ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი მიხეილ აშვეთია ხელმძღვანელობდა, რომელიც მეათე ტურის წინ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებული იქნა და გუნდი ბათუმის დინამოსთან სათამაშოდ ვეტერანმა ფეხბურთელმა - შოთა ბაბუნაშვილმა გაიყვანა. ქუთაისელები 10 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 6 ქულით ბოლო ადგილს იკავებენ.
ქართული დერბი | ურთიერთშეხვედრები
საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 78 მატჩიდან, 40- ჯერ გამარჯვება მტკვრისპირელებმა იზეიმეს, 21 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 17 დაპირისპირებიდან რიონისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. ბურთების შეფარდება 127/70თბილისელთა სასარგებლოდაა.
ამ შეხვედრებიდან აღსანიშნავია დინამოელთა საშინაო გამარჯვება ანგარიშით 5:1. ეს შედეგი ეროვნულ ასპარეზობაზე ორჯერ დაფიქსირდა. მეორე ჩემპიონატის მეოთხე ტურში 1991 წლის 1 აპრილს და მეშვიდე ჩემპიონატის მესამე ტურში 1995 წლის 17 სექტემბერს. ოთხბურთიანი სხვაობით დინამოელებმა მეტოქე 2013/2014 სეზონში დაამარცხეს, XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მერვე ტურის მატჩში დინამომ ქუთასის ტორპედოს 4:0 აჯობა. 2000 წლის 27 აგვისტოს კი თბილისელები დიდი ანგარიშით 0:3 მეთორმეტე ჩემპიონატის მეორე ტურში დამარცხდნენ. ამ თამაშებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა თბილისელებმა ქუთაისში დააფიქსირეს. მეთვრამეტე ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურში 2007 წლის 17 მარტს ეროვნული გათამაშების ლიდერმა ანგარიშით 5:0 გაიმარჯვა. 2013 წლის 4 მაისს დინამო არენაზე თბილისელებმა 4:0 მოუგეს მეტოქეს და საქართველოს ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრეს. ქართული დერბის ყველაზე პოპულარული ანგარიშია 1:0, რომელიც 16- ჯერ დაფიქსირდა ტაბლოზე. ეროვნულ ჩემპიონატში, ქუთაისში, საკუთარ სტადიონზე ტორპედომ ბოლოს 2011 წლის 21 სექტემბერს მოიგო 2:1. გოლი ქუთაისელებს ესპანელმა ალბერტ იაგუემ გაუტანა. ბოლო მატჩი ამ გუნდებს შორის ქუთაისში 2021 წლის 5 მარტს გაიმართა და დედაქალაქელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. გოლები ტორპედოს კარში თორნიკე ახვლედიანმა და საიმონ ბენიომ გაიტანეს.
მსაჯი და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები
შეხვედრას ალეკო აფციურია. წარუძღვება. მას ასისტენტობას ლ. ვარამიშვილი და ს. სპიცინი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი ჯ. ხორავა გახლავთ. დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას ფეხბურთელები არ გამოტოვებენ.