დინამო არენაზე გამართული დინამო 2:1 ზესტაფონის დასრულების შემდეგ ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.
დუშან უჰრინი – ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო. თამაშის დაწყებამდე ვიცოდით, რომ ჩვენს უახლოეს მდევარს მოგებული ჰქონდა. დიდი სურვილი გვქონდა, რომ პირველი წრე პირველ ადგილზე დაგვესრულებინა და მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობდით. ზესტაფონის ბოლო 2 მატჩი ვნახე და რთულ თამაშს ველოდი. თავიდანვე ჩემს გუნდს მოთმინებით თამაში ვურჩიე. მეორე ტაიმში უკან ბევრ პასს ვაკეთებდით. საბედნიეროდ გუნდში კარგი შემსრულებლები გვყავს. ჩისკო – მერებაშვილის დუეტი კარგად გამოიყურებოდა და ესპანელმა ფეხბურთელმა გადამწყვეტი გოლის გატანაც მოახერხა.
დავით მუჯირი – პირველ რიგში დინამოს ვულოცავ გამარჯვებას. რაც შეეხება თამაშს დასანანი შეხვედრა წავაგეთ. ფეხბურთში ხდება ისე, რომ უკეთესი შედეგი გეკუთვნის, მაგრამ მაინც მარცხდები. პირველი ტაიმის ბოლოს გაშვებულმა გოლმა გეგმები აგვირია. მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე კაცნაკლულნი დავრჩით, ანგარიშში წონასწორობის აღდგენა მაინც მოვახერხეთ, ჩემი ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება მსაჯობას, ცხელ გულზე კატეგორიული შეფასებებისგან თავს შევიკავებ. იმედი მაქვს ასეთ პრინციპულ შეხვედრებში მომავალში უფრო კვალიფიციურ მსაჯს დანიშნავენ.