დღეს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის მე- 19 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამომ სამგურალს უმასპინძლა. დინამოელთა რიგებში ცოტახნისწინ დაბრუნებული ნოდარ ქავთარაძე კახა ცხადაძემ ძირითადში გაამწესა. შეხვედრის პირველივე წუთზე სტუმრებმა შედეგიანი კონტრიერიში განახორციელეს და ირაკლი ლექვთაძემ ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში. დინამო უმალ გადავიდა შეტევაში და ქავთარაძეს კარგი მომენტიც შეექმნა, მაგრამ მისი დარტყმული მაქსიმე ქვილითაიას ხელებში მიუვიდა. ამის შემდეგ ახალგაზრდა თორნიკე მორჩილაძეც ამწვავებდა მარჯვენა ფრთიდან შეტევას, მაგრამ უშედეგოდ. შეხვედრის მე- 17 წუთზე დინამოელთა კარის მიმართულებით ჯარიმა დაინიშნა, რომელიც პაპუნა ფონიავამ გოლად გარდასახა 0-2. ორიოდე წუთში გიორგი კუციას სახიფათო გასროლა და ბურთი მცირედით აცდა სამგურალის კარს. დინამომ უმატა შეტევებს და სათამაშო უპირატესობაც ხელთ იგდო. რამდენიმე სახიფათო შეტევა თორნიკე მორჩილაძემ, ნოდარ ქავთარაძემ და საიმონ ბენიომ განახორციელეს, მაგრამ ყველა მათგანი საბოლოოდ არაზუსტი დარტყმით დასრულდა. აღსანიშნავია ასევე ლევან ხარაბაძის დარტმული საჯარიმოს მისადგომებიდან. ბურთი მეტოქის კარის ცხრიანს მცირედით აცდა. მეორე ტიმი დინამომ ცვლილებებით განაახლა. გიორგი პაპავას და ნოდარ ქავთარაძის ნაცვლად მოედანზე მილან რადინი და ზორან მარუშიჩი გამოვიდნენ. შეხვედრის 55- ე წუთზე გიორგი კუციას ჩაწოდების შემდეგ გიორგი გაბედავამ დასწრებაზე თავით ითამაშა, ბურთი კი სულ მცირედით აცდა მეტოქის კარს. დინამოს მასირებულ შეტევებს საბოლოოდ მე- 60 წუთზე მოჰყვა პირველი შედეგი. სამგურალის მცველი დარტყმულს საჯარიმოში ჩაუწვა და ბურთი ხელში მოხვდა. პენალტი ზუსტად გიორგი გაბედავამ დაარტყა 1-2. შეხვედრის 67- ე წუთზე ლუქმან გლმორმა იუხეშა, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. ჩაწოდებულ საჯარიმოს საიმონ ბენიომ თავი შეაგება და მაქსიმე ქვილითაიამ ბოლო წამს იხსნა კარი. კახა ცხადაძე შეიძლება ითქვას ვა ბანკზე წავიდა და ვიქტორ მონხილის ნაცვლად მოედანზე მესამე ფორვარდი თორნიკე ახვლედიანი შეუშვა. სტუმართა მეკარემ თავი მიჯრით ორჯერ გამოიჩინა. ჯერ თორნიკე ახვლედიანის დარტყმული მოიგერია, შემდეგ შეტევაში კი ბაქარ ქარდავას უძლიერესად დარტყმული უკუაგდო. მე- 80 წუთზე დავით კობოურის თავური გამოდგა არაზუსტი. დინამომ დარჩენილი დრო მასირებულ შეტევებში გაატარა, აღნიშნვნის ღირსია თორნიკე ახვლედიანის მაკრატელაც, მაგრამ ისევ უშედეგოდ. საბოლოოდ დინამომ შეხვედრა 1-2 დათმო
დინამო 1-2 სამგურალი
გოლი: 0-1 ლექვთაძე 1’ 0-2 ფონიავა 17’ 1-2 გაბედავა (პენ) 60’
გაფრთხილება: გილმორი 59’ 67’ ბანძელაძე 90’
გაძევება: გილმორი 67’
დინამო: კვასხვაძე, ბენიო, მონხილი (თ. ახვლედიანი 69), კობოური, პაპავა (რადინი 46), მექვაბიშვილი (ქარდავა 56), კუცია, ხარაბაძე (სპორქსლედე 56), მორჩილაძე, ქავთარაძე (მარუშიჩი 46), გაბედავა
სამგურალი: ქვილითაია, პატარკაციშვილი, გილმორი, კუხიანიძე, ფონიავა (ი. ახვლედიანი), კირკიტაძე (ვერულიძე 88), კალანდარიშვილი, ქურდაძე, ლექვთაძე (თევზაძე 70), ბურჯანაძე (ბანძელაძე 70), კიკაბიძე
მსაჯი: ა. აფციაური