ეროვნული ლიგის მეთექვსმეტე ტურის შეხვედრას დინამო თბილისი ქობულეთის შუქურას წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება დინამო არენაზე 18 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
ჩვენი მეტოქე
ქობულეთის შუქურა 1968 წელს დაარსდა. გუნდის ფერები ამ სეზონში შავ-თეთრადაა გადაწყვეტილი. ქობულეთელები საშინაო მატჩებს ჩელე არენაზე ატარებენ, რომლის ტევადობაც 6000 მაყურებელზეა გათვლილი. მიმდინარე პირველობის მატჩებს კი ბათუმში, რაგბი არენაზე ატარებენ. თავდაპირველად გუნდს- ქობულეთი ერქვა. ქობულეთი 2003-2004 წლების სეზონში პირველი ლიგის ჩემპიონი გახდა. შემდგომ წლებში გუნდი დაიშალა და 2011 წელს განახლდა, მთავარი მწვრთნელის- ასლან ბალაძის დახმარებით რეგიონალურ ლიგაში წარმატებით ასპარეზობის შემდეგ შუქურა პირველ ლიგაში დაბრუნდა. მალევე ასლან ბალაძემ დატოვა კლუბი და მის ნაცვლად ვალერი ჩხარტიშვილი მოვიდა. 2012-2013 წლების სეზონში შუქურა პირველი ლიგის B ჯგუფში მესამე ადგილს დასჯერდა. 2013-2014 წლების სეზონში ასპარეზობა ამჯერად პირველი ლიგის A ჯგუფში განაგრძო და ჩემპიონიც გახდა. 2013-2014 წლების სეზონში შუქურამ შესძლო ისტორიაში პირველად საქართველოს თასის ნახევარფინალში გასვლა, სადაც საჩხერის ჩიხურასთან დამარცხდა. ყველაზე დიდი ანგარიშით შუქურამ ბათუმის ადელი და ოზურგეთის მერცხალი დაამარცხა (6:0). ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ჩიხურასთან განიცადა (0:8). 2017 წლის სეზონის შემდეგ შუქურამ უმაღლესი ლიგა დატოვა, ხოლო ქართული ფეხბურთის ელიტას 2021 წლის გათამაშებასთან ერთად დაუბრუნდა.
მწვრთნელი და შუქრა
ქობულეთის შუქურას მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2017 წლის მაისის თვიდან ვეტერანი ფეხბურთელი - გიორგი შაშიაშვილი მუშაობს. მისი გუნდი გამართული 15 ტურის შემდეგ დაგროვილი 14 ქულით სატურნირო ცხრილის მერვე საფეხურზე იმყოფება.
დინამო - შუქურა | ურთიერთშეხვედრები
ამ გუნდების დაპირისპირება ეროვნულ ასპარეზზე 11 შეხვედრას ითვლის. ცხრა მატჩი თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა, ორი კი ფრედ. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი დედაქალაქელთა სასარგებლოდაა - 26/4.
საქართველოს ჩემპიონატში ეს გუნდები ერთმანეთს პირველად 2014/2015 წლების გათამაშების პირველ წრეში შეხვდნენ. 16 სექტემბერს დინამო არენაზე გამართული მატჩი, ჩვენი გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 6:0 დასრულდა. ორი გოლი ნიკოლოზ საბანაძემ გაიტანა, თითო კი საბა ლობჟანიძემ, ლაშა შერგელაშვილმა, გიორგი პაპუნაშვილმა და გიორგი ჩირგაძემ. 14 მარტს ქობულეთში შემდგარი შეხვედრა ასევე დინამოელთა გამარჯვებით მორჩა. მატჩის ერთადერთი გოლი ლაშა პარუნაშვილის ანგარიშზეა. მომდევნო სეზონში დინამომ ორივე შეხვედრაში აჯობა ქობულეთელ ვიზავის. 2015 წლის 12 დეკემბერს ჩელე არენაზე გამართულ ორთაბრძოლაში დინამომ ერთის წილ სამი გოლი გაუტანა მასპინძლებს. გოლები გიორგი ქვილითაიამ, გიორგი გურულმა და ჯაბა ჯიღაურმა ჩაიწერეს აქტივში. 22 მაისს კი, პირველობის ბოლო ტურში თბილისელებმა ვახო ჭანტურიშვილის გოლით 1:0 დაამარცხეს მეტოქე. დინამო ზღვისპირელებს 2016 წლის 11 სექტემბერს შეხვდა და ფრედ 1:1 დაცილდა მეტოქეს. გოლი ქობულეთელთა კარში ალექსანდრე ამისულაშვილმა გაიტანა. 6 ნოემბერს ქობულეთში ზაზა ჭელიძემ გაიტანა და და დინამომ 1:0 მოიგო. მიმდინარე პირველობის პირველ წრეში გუნდები დინამო არენაზე წარდგნენ ერთმანეთის პირისპირ და დინამომ დიდი ანგარიშით 5:0 დაჯაბნა სტუმრები. ბაჩანა არაბულმა ჰეთ თრიქი შეასრულა. თითო გოლი კი გიორგი პაპუნაშვილმა და საბა ლობჟანიძემ გაიტანეს ზღვისპირელთა კარში. მეორე წრის მატჩში ჩელე არენაზე ასევე 5 გოლი გავიდა. ამჯერად დინამომ 4:1 იმარჯვა. არაბულმა, ლობჟანიძემ და კუციამ გაუტანეს ქობულეთელებს. ჩაჩუამ კი ავტოგოლი ჩაიწერა თავის ანგარიშზე. მესამე წრის შეხვედრა დინამო არენაზე 9 სექტემბერს შედგა და მატჩის ბოლო წუთზე ენვერ ლილუაშვილის გატანილი გოლით ფრედ 1:1 დასრულდა. სეზონის ბოლოს კი გუნდები 2017 წლის 18 ნოემბერს ერთმანეთს ბათუმში შეხვდნენ და დინამომ ხვიჩა კვარაცხელიას ერთადერთი გოლით 1-0 იმარჯვა. მიმდინარე ჩემპიონატის პირველ წრეში დინამო 7 აპრილს ზესტაფონს ეწვია და იქ აჯობა შუქურას 2-0. გოლები გიორგი გაბედავას და თორნიკე ახვლედიანის ანგარიშზეა.
მსაჯი და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები
შეხვედრას ჯენერი ხორავა წარუძღვება, ასისტენტობას კი ლ. ვარამიშვილი და ზ. მენთეშაშვილი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი გ. ყრუაშვილი იქნება. დისკვალიფიკაციის გამო მატჩს ფეხბურთელები არ დააკლდება.