• Geo
  • Eng
18.05.2024
მარცხი გორში 9 კაცით...

გორმა ეროვნული ლიგის მე-15 ტურის მატჩს უმასპინძლა, რომელშიც ერთმანეთს ადგილობრივი დილა და დინამო დაუპირისპირდნენ. დედაქალაქელთა ვიზიტმა ტრადიციულად გულშემატკივრის ინტერესი გამოიწვია და სტადიონიც გაივსო. შეხვედრა თბილისელებმა აქტიურად დაიწყეს და დებიუტშივე, მე-5 წუთზე გახსნეს ანგარიში. კიკე ლოპესის კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ნიკა უგრეხელიძემ ზუსტი თავურით გაგზავნა მასპინძელთა კარში. დინამოელებს პირველ ტაიმში კიდევ არაერთხელ შეეძლოთ დაწინაურება, მაგრამ რამდენიმე ხელსაყრელი სიტუაცია ვერ გამოიყენეს. აღსანიშნავია ვახო სალიას და ოსკარ სანტისის მომენტები. ტაიმის ბოლოსკენ გიორგი ლორიამ აჩვენა თავისი კლასი და მიჯრით ორი რთული დარტყმაც მოიგერია. მეორე ტაიმი აქტიურად უკვე დილას ფეხბურთელებმა გახსნეს და ჟუაუ ნობრეგამ ანგარიში გაათანაბრა. მატჩის 55-ე წუთზე კი მეტად საკამათო სიტუაციაში, მსაჯმა ალექსანდრე კალანდაძეს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედანი დაატოვებინა. დინამომ ათი კაცით გააგრძელა თამაში, სათამაშო უპირატესობა კი მასპინძლებმა მოიპოვეს, თუმცა სტუმრებიც ცდილობდნენ კონტრშეტევაზე სახიფათო თამაშს. 82-ე წუთზე დინამო მოედანზე 9 კაცით დარჩა. არბიტრმა ამჯერად ჯოშუა აკპუჯე გააძევა. დედაქალაქელები ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდნენ, ისიც სათქმელია, რომ მსაჯმა ამის შემდეგ შეხვედრას 10(!) წუთი დაამატა, კომპენსირებულ დროში კი გორელებმა გამოიყენეს უპირატესობა და იბრაჰიმა დრამემ საფინალო ანგარიშიც დააფიქსირა 2-1. ამ საგოლე შეტევამდე კი საბა ხარებაშვილზე იუხეშეს, თუმცა ეს მომენტი მსაჯების მიერ ყურადღების გარეშე დარჩა. დამატებითი დროის ბოლო წუთზე შეცვლაზე შესულ გიორგი გვასალიას შეეძლო გათანაბრება, მაგრამ მისი დარტყმული დილას გოლკიპერმა მოიგერია. მომდევნო შეხვედრას ანდრეს კარასკოს გუნდი 23 მაისს დინამო არენაზე, დინამო ბათუმის წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024