• Geo
  • Eng
13.09.2021
დინამო თბილისის სპორტულ მიმართულებას ალექსანდრე რეხვიაშვილი უხელმძღვანელებს

დინამო თბილისის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ 13 სექტემბერს კლუბის ახალი სპორტული მიმართულების ხელმძღვანელი, ალექსანდრე რეხვიაშვილი წარადგინა. სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებების პროცესში, ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ კლუბის სპორტული სექტორის გაძლიერება და ახალი სპორტული მიმართულების ხელმძღვანელის დანიშვნა იყო. ჩვენი კლუბი მოხარულია, რომ შეთანხმებას მიაღწია ისეთ კვალიფიციურ და გამოცდილ ხელმძღვანელთან, როგორიც ალექსანდრე რეხვიაშვილია. უკანასკნელად, იგი სოლიგორსკის შახტიორის სპორტული დიექტორი იყო და ბელარუსულ კლუბთან ერთად ქვეყნის ჩემპიონობა, თასი და სუპერ თასი მოიგო.

  • დინამო თბილისის სპორტის მიმართულების ხელმძღვანელი დღეიდან ალექსანდრე რეხვიაშვილი იქნება. გამოცდილი მენეჯერი, რომელსაც ზურგს უმაგრებს წარმატებული პროექტი ბელარუსში, რომელიც ქვეყნის ჩემპიონობით და არაერთი ტიტულის მოპოვებით დასრულდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იგი დაინტერესდა ახალი პროქტით და მისი დონის მენეჯერის მოწვევა მოვახერხეთ. ის იმუშავებს აკადემიის მიმართულებითაც და იმ სისტემას, სადაც არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი იზრდება, კიდევ უფრო დაუახლოვებს მთავარი გუნდის ფილოსოფიას და ხედვას. - განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ.

 

 

ალექსანდრე დინამო თბილისის ბორდის ახალი შემადგენლობის წევრი იქნება. იგი მთავარი გუნდის გარდა, პასუხისმგებელი იქნება აკადემიაში მიმდინარე პროცესებზე, სასელექციო და ანალიტიკური ჯგუფების ჩამოყალიბებაზე.

  • მადლობელი ვარ დინამო თბილისის და ამ კლუბის პრეზიდენტის, რომ გუნდის სპორტული მიმართულების მართვის საშუალება მომეცა. ჩემთვის სიმბოლურია, რომ დინამო თბილისში პირველად ზუსტად 30 წლის წინ ვითამაშე, ახალა კი აქ ვარ როგორც სპორტული დირექტორი და მაქვს შესაძლებლობა კლუბის განვითარებაში საკუთარი წვლილი შევიტანო. ამ პროექტის და მისი იდეის მჯერა, წინააღმდეგ შემთხვევაში აქ არ ჩამოვიდოდი იმ სტაბილური გარემოდან, რომელშიც ვიყავი. წლების მანძილზე ვიმუშავე ბელარუსში, არაერთ წარმატებას მივაღწიეთ და მინდა ეს გამოცდილება დღეს დინამოს სასიკეთოდ გამოვიყენო, - ამბობს ალექსანდრე რეხვიაშვილი.

დინამო თბილისის სპორტის მიმართულების ხელმძღვანელის საფეხბურთო კარიერა სწორედ ჩვენს კლუბში დაიწყო. კარიერის განმავლობაში ითამაშა უკრაინის, რუსეთის, ლატვიისა და აზერბაიჯანის საფეხბურთო ლიგებში. ალექსანდრე რეხვიაშვილს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 21 მატჩი აქვს ჩატარებული. დინამო თბილისი წარმატებას უსურვებს ალექსანდრეს ახალ პოზიციაზე და გვჯერა, ეს თანამშრომლობა ორივე მხარისთვის საუკეთესო გამოცდილება იქნება.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024