• Geo
  • Eng
14.01.2013
დინამოს გიორგი შაშიაშვილი დაუბრუნდა

შვიდწლიანი განშორების შემდეგ  დინამო თბილისს გიორგი შაშიაშვილი დაუბრუნდა. 33 წლის მცველმა ჩვენს გუნდში სადებიუტო მატი 1996/97 წლების სეზონში ითამაშა. გიორგი შაშიაშვილმა, რომელიც ოთხი სეზონი კაპიტნის სამკლაურით უძღვებოდა გუნდს, დინამოს მაისურით ზედიზედ რვა სეზონი ჩაატარა. საქართველოს ჩემპიონატში 189 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლი გაიტანა. ევროასპარეზზე ნათამაშებ 20 მატჩში კი – ორი ბურთი ტალინის ტვმკ–ს გაუტანა. გიორგის 2001 წლიდან კი საქართველოს ეროვნულ ნაკრების მაისურით 30 თამაშში აქვს მონაწილეობა მიღებული. გიორგი შაშიაშვილს სხვადასხვა დროს ალანიაში, ჩერნომორეცში, შტურმში, ერგოტელისში და დილაში აქვს ნათამაშები.

გიორგი შაშიაშვილი – დინამოს მაისურით გამოსვლა ჩემთვის ყოველთვის სასიხარულოა. ამ გუნდის აღზრდილი ვარ, როგორც ფეხბურთელი დინამოში ჩამოვყალიბდი. ჩემს კარიერაში ყველა დიდი წარმატება სწორედ დინამო თბილისთან ასოცირდება – შეიძლება ითქვას, რომ დღეს სახლში დავბრუნდი. იმ პერიოდში, როდესაც დინამოდან წავედი სულ სხვა სიტუაცია იყო, ახლა კი სრულიად განსხვავებული მდგომარეობაა. ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა, თუნდაც დიღმის საწვრთნელი ბაზა ავიღოთ – ასეთი პირობებით ბევრი ევროპული გუნდიც ვერ დაიტრაბახებს. შესაბამისად დღეს დინამო კვლავ ჩემპიონობისთვის იბრძვის, ეს ფაქტორი ყველას დამატებით მოტივაციას მატებს და არც მე ვარ გამონაკლისი. მართალია დინამო ჩემი მშობლიური გუნდია, ოთხი წელი კაპიტნის სამკლაურით ვთამაშობდი, თუმცა დღეს ყველაფერი თავიდან იწყება. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დინამოს წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024