• Geo
  • Eng
26.06.2021
ქართული დერბი | ურთიერთშეხვედრები

27 ივნისს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დინამო თბილისი ადგილობრივ ტორპედოს შეხვდება. ქართული დერბი 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 79 მატჩიდან,  41- ჯერ გამარჯვება მტკვრისპირელებმა იზეიმეს, 21 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 17 დაპირისპირებიდან რიონისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. ბურთების შეფარდება 128/70თბილისელთა სასარგებლოდაა.

ამ შეხვედრებიდან აღსანიშნავია დინამოელთა საშინაო გამარჯვება ანგარიშით 5-1. ეს შედეგი ეროვნულ ასპარეზობაზე ორჯერ დაფიქსირდა. მეორე ჩემპიონატის მეოთხე ტურში 1991 წლის 1 აპრილს და მეშვიდე ჩემპიონატის მესამე ტურში 1995 წლის 17 სექტემბერს. ოთხბურთიანი სხვაობით დინამოელებმა მეტოქე 2013/2014 სეზონში დაამარცხეს, XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მერვე ტურის მატჩში დინამომ ქუთასის ტორპედოს 4-0 აჯობა. 2000 წლის 27 აგვისტოს კი თბილისელები დიდი ანგარიშით 0-3 მეთორმეტე ჩემპიონატის მეორე ტურში დამარცხდნენ. ამ თამაშებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა თბილისელებმა ქუთაისში დააფიქსირეს. მეთვრამეტე ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურში 2007 წლის 17 მარტს ეროვნული გათამაშების ლიდერმა ანგარიშით 5-0 გაიმარჯვა. 2013 წლის 4 მაისს დინამო არენაზე თბილისელებმა 4-0 მოუგეს მეტოქეს და საქართველოს ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრეს. ქართული დერბის ყველაზე პოპულარული ანგარიშია 1-0, რომელიც 17- ჯერ დაფიქსირდა ტაბლოზე. ეროვნულ ჩემპიონატში, ქუთაისში, საკუთარ სტადიონზე ტორპედომ ბოლოს 2011 წლის 21 სექტემბერს მოიგო 2-1. გოლი ქუთაისელებს ესპანელმა ალბერტ იაგუემ გაუტანა. ბოლო მატჩი ამ გუნდებს შორის თბილისში 2021 წლის 29 აპრილს გაიმართა და დედაქალაქელთა გამარჯვებით 1-0 დასრულდა. გოლი ტორპედოს კარში თორნიკე მორჩილაძემ გაიტანა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024