დღეს ფოთში ეროვნული ლიგის 25- ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ქობულეთის შუქურამ დინამოს უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდის ნახევარმცველმა ბაქარ ქარდავამ დინამოს ფორმა ეროვნულ ლიგაში მეასედ მოირგო! პირველი დარტყმა კარისკენ მატჩის მეხუთე წუთზე ბარნს ოსეიმ განახორციელა, საჯარიმოში დატრიალდა, თუმცა დარტყმული საკმაო მანძილით გადაცდა კარს. საპასუხოდ ათიოდე წუთში ჯეფერსონმა გაისროლა, ბურთი კუთხურზე ანდრეს პრიეტომ მოიგერია. ბარნს ოსეის მეორე გამწვავება გაცილებით სახიფათო აღმოჩნდა. პირველის იდენტურ სიტუაციაში მისი დარტყმული გაბრიელ თებიძემ უკუაგდო და თავისი გუნდი აშკარა ხიფათისგან იხსნა. დინამოელთა შეტევებმა შედეგი 27- ე წუთზე გამოიღო. თორნიკე მორჩილაძის მარჯვენა ფრთიდან ჩაწოდებულ ბურთს ზუსტი თავურით მიმართულება ზორან მარუშიჩმა შეუცვალა და დედაქალაქელები დააწინაურა. პირველი ტაიმის მიწურულს დინამომ კიდევ ერთხელ აიღო მასპინძელთა კარი. დავით სხირტლაძის ზუსტი გადაცემის შემდეგ ბარნს ოსეიმ თავისი შანსი აღარ გაუშვა ხელიდან 0-2. ტაიმი ესეც დასრულდა. მეორე ტაიმის სტარტზე მიშა სარდალიშვილს ჰქონდა ანგარიშის შემცირების შანსი, მაგრამ მისი დარტყმული საჯარიმოს ხაზიდან არაზუსტი გამოდგა. ერთი საათის თავზე დინამოს მესამე გოლის გატანა მართებდა, ბარნს ოსეის ტექნიკური თამაშის შემდეგ ბურთი ანზორ მექვაბიშვილმა ხელსაყრელ პოზიციაში მიიღო, მაგრამ დარტყმული ბურთი კარის ბადეს გარედან მოხვდა. 64- ე წუთზე კი მორიგი სერბული გოლი ვიხილეთ, შეცვლაზე შემოსულმა მილან რადინმა ზორან მარუშიჩს ხელსაყრელ მომენტში უპასა და დინამო სამი გოლით დაწინაურდა. მილან რადინი მატის 70- ე წუთზე საკუთარი ნახევრიდან შეეცადა გოლის გატანას, წინ გამოსული გაბრიელ თებიძე ბოლო წამს დაეუფლა ბურთს. დინამომ 83- ე წუთზე მეოთხე გოლიც გაიტანა. ასისტი ისევ მილან რადინმა ჩაიწერა, ზუსტად და ამ სეზონში სადებიუტოდ კი ლევან ხარაბაძემ გაისროლა. ცოტახანში მარუშიჩს შეეძლო გატანა, მაგრამ ხარიხას გაარტყა ბურთი. 85- ე წუთზე თბილისელთა შემადგენლობაში ალექსანდრე კალანდაძის დებიუტი შედგა, იგი მოედანზე გიორგი პაპავას ნაცვლად შევიდა. შეხვედრა კი დინამომ 4-0 მოიგო.
შუქურა 0-4 დინამო
გოლი: 0-1 მარუშიჩი 27’ 0-2 ოსეი 44’ 0-3 მარუშიჩი 64’ 0-4 ხარაბაძე 83’
გაფრთხილება: კვარაცხელია 82’
შუქურა: თებიძე, კომახიძე, სპიჩკა, ჭანტურია, გაფრინდაშვილი, კაკაშვილი (ხმალაძე 80), ვარშანიძე, სარდალიშვილი (კვარაცხელია 67), ჯეფერსონი (ვერულიძე 67), მუსელიანი (აფხაზავა 80), ინგოროყვა (ძალამიძე 80)
დინამო: პრიეტო, ხვადაგიანი, პაპავა (კალანდაძე 85), ბენიო, ქარდავა, მორჩილაძე (სპორქსლედე 46), ხარაბაძე, მექვაბიშვილი (რადინი 63), ოსეი (ქავთარაძე 74), სხირტლაძე (კუცია 63), მარუშიჩი
მსაჯი: ბ. ნინუა