• Geo
  • Eng
07.07.2021
სამირ აბასოვმა მატჩი შეაფასა

უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყისი რაუნდის დასრულების შემდეგ სამირ აბასოვმა შეხვედრა შეაფასა და ორმატჩიანი დაპირისპირების ბედზე ისაუბრა.

სამირ აბასოვი: შეხვედრა ზუსტად ისეთივე დაძაბული გამოდგა, როგორიც გუშინ, მატჩისწინა პრესკონფერენციის დროს აღვნიშნეთ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს გამარჯვება მოვახერხეთ, არ ვთვლი, რომ ამ წყვილის ბედი გადაწყვეტილია და გამარჯვებული გამოვლენილია. წინ საპასუხო მატჩია და ყველაფერი იქ გამოჩნდება.

მოედანზე გამოჩნდა, რომ დინამო კარგ ფორმაშია, რადგან ისინი ყოველ ოთხ დღეში ერთხელ ოფიციალურ მატჩებს ატარებენ, ჩვენ კი დღევანდელ დღემდე მხოლოდ 3 ამხანაგური შეხვედრა გვქონდა გამართული.

მას მერე, რაც მეტოქემ გოლი გაგვიტანა, დაცვის ხაზში ქაოსმა დაისადგურა, თუმცა შესვენებაზე ფეხბურთელებს ინდივიდუალური დავალებები მივეცი და მეორე ნახევარში თამაშის დალაგება შევძელით.

მე ჩემს ფეხბურთელებს ვაფრთხილებდი, რომ ასეთ მატჩში საკუთარ შესაძლებლობას და კვალიფიკაციას არ დაყრდნობოდნენ და ყურადღებით და თამამად ეთამაშათ, რაც ასეთ დაპირისპირებებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კარგია, რომ ამ მატჩში სასურველი შედეგი მივიღეთ, თუმცა ყველაფერი წინაა და გვსურს ორრაუნდიანი დაპირისპირება ბოლომდე წარმატებით მივიყვანოთ.

დღევანდელი მატჩიდან სწორ დასკვნებს გავაკეთებთ და ბაქოში ტაქტიკას აუცილებლად შევცვლით. დღეს გვქონდა გარკვეული ხარვეზები, ასევე, გუნდში გვყავს ახალი ფეხბურთელი, რომელიც გუნდის ფილოსოფიას კარგად ჯერ არ იცნობს და საკუთარი სტილით თამაშობს, მას ადაპტაციისთვის გარკვეული დრო სჭირდება. შევეცდებით, რომ ბურთი გავაკონტროლოთ, უფრო შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ და ამ დუელში საბოლოოდ გამარჯვებას მივაღწიოთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024