• Geo
  • Eng
06.07.2021
ჩვენი მეტოქე - ნეფთჩი (აზერბაიჯანი, ბაქო)

ნეფთჩისთან პირველი მატჩი თბილისში 7 ივლისს დინამო არენაზე გაიმართება, საპასუხო შეხვედრას კი ბაქსელ არენა 14 ივლისს უმასპინძლებს.

აზერბაიჯანული ფეხბურთის სახელოვანი წარმომადგენელი 1937 წელს დაარსდა და 1968 წლამდე ნეფტიანიკის სახელით გამოდიოდა. მას შემდეგ კი ნეფთჩის სახელით ასპარეზობს. საშინაო მატჩებს ჩვენი მეტოქე ბაქსელ არენაზე ატარებს, რომლის ტევადობაც 11000 მაყურებელზეა გათვლილი. გუნდის ფერები კი თეთრსა და შავშია გადაწყვეტილი.

საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ბაქოელთა დებიუტი 1949 წელს შედგა. იმ პერიოდის მთავარ მიღწევად კი 1966 წელს მოპოვებული სსრკ- ს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლებია. რაც შეეხება აზერბაიჯანის ჩემპიონატს - აქ ნეფთჩი ტიტულებით უკონკურენტოა: 9 გზის ჩემპიონი, 7 გზის თასის მფლობელი და ორჯერ მოგებული სუპერთასი. ნეფთჩიმ 2008 წელს ინტერტოტოს გათამაშების მესამე სტადიას უწია და იქ რუმინულ ვასლუისთან დათმო პაექრობა. მანამდე ორი წლით ადრე ნეფთჩიმ თანამეგობრობის თასი ჟალგირისის კაუნასის დამარცხებით მოიპოვა, ხოლო ერთი წლით ადრე იმავე ტურნირის ფინალი მოსკოვის ლოკომოტივთან წააგო.

ნეფთჩი პირველი აზერბაიჯანული კლუბია, რომელმაც ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა. 2012 წელს პლეი ოფში აზერბაიჯანელებმა კვიპროსული აპოელი დაამარცხეს და ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ. იქ ნეფთჩის მეტოქეობა ყაზანის რუბინმა, მილნის ინტერმა და ბელგრადის პარტიზნმა გაუწიეს. შარშანდელი ევოპა ლიგა ბაქოელებმა მაკედონიური შკუპის დამარცხებით დაიწყეს, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კი გალათასარაისთან დამარცხდნენ.

მაისში დასრულებული აზერბაიჯანის პირველობა მართლაც დაძაბული გამოდგა. ნეფთჩიმ შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბოლო წუთზე მოიპოვა ნანატრი ტიტული. ნანატრი რადგან ყარაბახის 7 წლიანი ჰეგემონია ამ გუნდების ბოლო ტურის დაპირისპირებაში 90- ე წუთზე აჰმედოვის მიერ გატანილმა გოლმა დაასრულა.

ნეფთჩის მთავარი მწვრთნელის პოსტს 2020 წლის ნოემბრიდან ადგილობრივი ფეხბურთის სპეციალისტი, 43 წლის სამირ აბასოვი იკავებს. აბასოვის გუნდმა მოსამზადებელი შეკრება სლოვენიაში გაიარა და სამი სპარინგ მატჩიც გამართა. ნეფთჩი ლიუბლიანის ოლიმპიას 1-1 დაუზავდა, დომჟალესთან 1-2 დათმო და 2-1 მოსკოვის სპარტაკს აჯობა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024