დღეს ლიგა 4- ში რეგულარული გათამაშება დასრულდა. თეთრ და წითელ ჯგუფებში ის მოწინავე ხუთ-ხუთი გუნდი გამოვლინდა, რომლებიც ჩემპიონობისთვის და ლიგა 3- ში დაწინაურებისთვის იბრძოლებენ.
დინამოელებმა აკადემიის მოედანზე ჩხოროწყუს სამეგრელოს უმასპინძლეს და ფრედ 2-2 დაცილდნენ. ანგარიში სტუმრებმა მე- 3 წუთზე გიორგი ციმაკურიძის პენალტით გახსნეს, რასაც დიტო ფაჩულიამ ცოტახანში ზუსტი დარტყმით უპასუხა. ნახევარი საათის თავზე ლაშა კალანდიამ კიდევ ერთხელ დააწინაურა სამეგრელო, შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი მეორე ტაიმის სტარტზე თორნიკე მეტრეველმა დააფიქსირა 2-2.
ამრიგად დინამოელებმა 18 თამაშიდან 44 ქულა დააგროვეს და თეთრ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. საჩემპიონო მარათონში ვლადიმერ კაკაშვილის გუნდს მე-2 - მე- 5 ადგილზე გასულ გუნდებთან აღებული 19 ქულა გადაჰყვება. ასევე 19 ქულით იქნება წითელი ჯგუფის გამარჯვებული ბორჯომი, დინამოელები კი პირველ პოზიციას უკეთესი ბურთების ბალანსით დაიკავებენ. დინამოსა და ბორჯომის გარდა ზედა ლიგის საგზურისთვის რბოლაში ზესტაფონი, ბეთლემი, იბერია, ვიტ ჯორჯია 2, ირაო, სქური, მარგვეთი 2006 და სულორი ჩაერთვებიან.
დინამო-2 2-2 სამეგრელო
დინამო-2: ლიპარტელიანი, აწყურელი, იაკობიძე, თევზაძე, ისმაილი, ჟივიძე, ფაჩულია, მეტრეველი, ბაბუნაძე, მირზიკაშვილი, დუმბია
შეცვლაზე შევიდნენ: ომარაშვილი, ქოჩაკიძე, ხმელიძე, ხინჩიაშვილი, ჭვრიტიძე