დუბლშემადგენლობათა გათამაშების XXV ტურის გადადებული თამაში ჩვენმა გუნდმა დღეს, სტუმრად, ზესტაფონის დუბლების წინააღმდეგ გამართა. დინამოელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს. მეოთხე წუთზე გოლის გატანის შანსი გია ნიკვაშვილს ჰქონდა, რომლის დარტყმულიც მცირედით ასცდა კარს. მორიგი რეალური საგოლე ეპიზოდი 29–ე წუთზე შეიქმნა, გაგა მურცხვალაძის შორეული დარტყმული მეტოქის კარს ზემოდან გადაევლო. 35–ე წუთზე ვახტანგ ჭანტურიშვილის გოლით მასპინძლები დაწინაურდნენ. შეხვედრის პირველი ნახევარი 1:0 დასრულდა. მეორე ტაიმი დინამოელებმა კიდევ უფრო აქტიურად დაიწყეს. ჩვენმა ფეხბურთელებმა ანგარიშში წონასწორობის აღდგენა 64–ე წუთზე მოახერხეს. მასპინძლებმა თამაშის წესები საჯარიმოში, ალექსანდრე რეხვიაშვილის წინააღმდეგ დაარღვიეს. თერთმეტმეტრიანი დარტყმა თავად დაზარალებულმა შეასრულა – 1:1. მატჩის საფინალო ანგარიში 87–ე წუთზე დაფიქსირდა. ალექსანდრე რეხვიაშვილის გადაცემით ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა იხეირა, მისი დარტყმული ზუსტი აღმოჩნდა – 2:1 დინამოელთა გამარჯვება.
ამრიგად, ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი 25 თამაშის შემდეგ 53 ქულით სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს და უახლოეს მდევარს 4 ქულით უსწრებს.
ზესტაფონი 1:2 დინამო
გოლები:
1:0 ჭანტურიშვილი 35’
1:1 რეხვიაშვილი (პენ.) 64’
1:2 ჭეჭელაშვილი 87’
ზესტაფონი: ტურავა, შალამბერიძე, გაგოშიძე, რობაქიძე, ახალაძე (კვერნაძე 51’), ჭანკოტაძე, გაჩეჩილაძე, სარდალიშვილი (გრიგალაშვილი 89’), ჯიქიძე (წურწუმია 67’), მიქელთაძე, ჭანტურიშვილი (მაკარიძე 81’)
დინამო: ხაინდრავა, კაკაბაძე, თევზაძე, მელიქიძე, კაკულია, ჭეჭელაშვილი, მაჭავარიანი (კიტოვანი 58’), რეხვიაშვილი, ნიკვაშვილი (მესხი 46’), მათიაშვილი (გოგინაშვილი 46’), მურცხვალაძე (კვარცხელია 80’)
გაფრთხილება: ჯიქიძე, შალამბერიძე, გაგოშიძე – რეხვიაშვილი, თევზაძე