დღეს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის 32- ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამომ თელავს უმასპინძლა. შეხვედრის პირველი და მიჯრით ორი სახიფათო მომენტი მე- 10 წუთზე მასპინძლებმა ჩაიწერეს აქტივში. ჯერ ნოდარ ქავთარაძემ გაისროლა და მისი დარტყმული ლევან თანდილაშვილმა მოიგერია, შემდეგ კი ბარნს ოსეის დარტყმული მოხვდა მცველს. მე- 16 წუთზე უკვე მილან რადინის დარტყმული აცდა მცირე მანძილით სტუმართა კარს. დინამომ მეთოდურად უმატა დაწოლას მეტოქის კარზე და ცოტახანში ლევან თანდილაშვილს კიდევ ერთხელ მოუხდა კახელთა კარის გადარჩენა, მან ნოდარ ქავთარაძის დარტყმული ბურთი კუთხურზე მოიგერია. ანგარიში მასპინძლებმა მე- 40 წუთზე გახსნეს. მილან რადინმა საჯარიმო დარტყმა უბადლოდ შეასრულა და ბურთი თელაველთა კარის ცხრიანში გაახვია. ტაიმი დინამომ 1-0 მოიგო. მეორე ტაიმი სტუმართა აქტიურობით განახლდა, თუმცა რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე არ მისულა. დინამოელებმა მეორე გოლი მატჩის 72- ე წუთზე გაიტანეს. ლევან ხარაბაძემ სოლო რეიდი საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტი დარტყმით დაასრულა 2-0. ზორან მარუშიჩმა თავისი მორიგი გოლი 90- ე წუთზე მიითვალა და ბომბარდირთა დავაშიც დაწინაურდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს კი თბილისელებმა ლამაზი კომბინაცია შესთავაზეს სტადიონზე მისულ გულშემატკივარს, გიორგი მოისწრაფიშვილმა კი ეფექტური გოლით შეხვედრის საბოლოო ანგარიში 4-0 დააფიქსირა.
დინამო 4-0 თელავი
გოლი: 1-0 რადინი 40’ 2-0 ხარაბაძე 72’ 3-0 მარუშჩი 90’ 4-0 მოისწრაფიშვილი 94’
გაფრთხილება: ფაცაცია 54’ თოლორდავა 89’
დინამო: პრიეტო, ხვადაგიანი, პაპავა, ბენიო, მექვაბიშვილი, ხარაბაძე (მოისწრაფიშვილი 86), სპორქსლედე, რადინი (ქარდავა 62), ოსეი (მორჩილაძე 74), ქავთარაძე (კუცია 74), მარუშიჩი
თელავი: თანდილაშვილი, ფაცაცია, თევზაძე, თოლორდავა, შერგელაშვილი, ჯანელიძე, მ. ბაშალეიშვილი (მარაქველიძე 78), აშორტია (ჯიქია 81), ჩოგაძე (ჟუნიორი 58), შეყილაძე (რუხაძე 58), ჩუკვურა (არდაზიშვილი 58)
მსაჯი: ი. კვირიკაშვილი