• Geo
  • Eng
29.04.2013
დუბლების გამოსვლას ვასილ მაისურაძე აფასებს

დინამო თბილისის დუბლშემადგენლობამ მიმდინარე სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ჩემპიონობა მოიპოვა. დინამოელებმა შარშანდელი შედეგი გაიმეორეს და გათამაშება ზედიზედ მეორედ პირველ საფეხურზე დაასრულეს. დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გამართული დინამო 3:1 მეტალურგის შეხვედრის დასრულების შემდეგ, დინამოს დუბლშემადგენლობათა მთავარი გუნდის მწვრთნელს, ვასილ მაისურაძეს, საჩემპიონო სეზონის შეფასება ვთხოვეთ.

 

ვასილ მაისურაძე – მიმდინარე სეზონში დინამოს დუბლშემადგენლობის ძირითად ბირთვს საქართველოს 17–წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელები წარმოადგენდნენ. სეზონის სტარტზე დინამო–2 ჩამოყალიბდა და რამდენიმე მოთამაშემ შეხვედრების უმეტესობა სწორედ პირველ ლიგაში ჩაატარა. ფეხბურთელებს ყოველი შეხვედრის წინ ვახსენებდი და მუდამ შევახსენებ, რომ თამაშიდან თამაშამდე ბევრი რამ აქვთ დასამტკიცებელი – ეს დინამოა და აქ სხვა მოთხოვნებია. დუბლებში ძირითადად 1995–1996 წლებში დაბადებული მოთამაშეები ირიცხებიან და ვცდილობთ მათ საფეხბურთო აზროვნებაში ჩავდოთ ის კოდი, რომელსაც დინამო ქვია, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდმა ყველა თამაშზე მოსაგებად უნდა იბრძოლოს. ჩემ ბიჭებთან ურთიერთობა ნამდვილად არ მიჭირს, გუნდში ის ფეხბურთელები მყავს, რომელთანაც მიმუშავია, კარგად იციან თუ რას მოვითხოვ მათგან – ბრძოლა და თავდადება აუცილებელია, ამას ემატება ტაქტიკურ–თეორიული მეცადინეობები, რომელმაც შედეგი გამოიღო. დუბლშემადგენლობათა საშიანო შეხვედრებს მთავარი გუნდის ჩეხი თავკაცი, დუშან უჰრინი, სისტემატურად ადევნებს თვალ–ყურს, მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და მიმაჩნია, რომ ჩვენ ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ. დასასრულს მადლობა მინდა გადავუხადო ჩემ ბიჭებს. წარმატებები მინდა ვუსურვო თითოეულ მათგანს. იმედი მაქვს ეს ბიჭები თავს გამოიჩენენ და გარკვეული დროის შემდეგ დინამოს პირველი გუნდის მაისურსაც ხშირად მოირგებენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024