სპორტული გამოცემა ლელო უმაღლესი ლიგის 2012/2013 სეზონის სიმბოლურ გუნდს ასახელებს. ეროვნული ჩემპიონატის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ შვიდი დინამოელი – გიორგი ლორია, გივი კვარაცხელია, ლევან ხმალაძე, მიკელ ალვარო, ჩისკო მუნიოსი, გიორგი მერებაშვილი და ჯაბა დვალი შეიყვანა. სეზონის საუკეთესო მწვრთნელად კი ჩვენი გუნდის ჩეხი თავკაცი – დუშან უჰრინი დასახელდა. უმაღლესი ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი, ფეხბურთელი და ლეგიონერი – ჩისკო მუნიოსია. ლელო სეზონის საუკეთესო გოლად (დილა 0:1 დინამო) მიკელ ალვაროს გატანილ ბურთს ასახელებს
საუკეთესო მწრვთნელი
როცა გუნდი სეზონში ყველა შესაძლო ტიტულს იგებს, მისი მწვრთნელი კოლეგათა შორის უდავოდ ყველაზე წარმატებულია. ასე რომ, დინამოს ჩეხმა თავკაცმა ეს ნომინაცია ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე მოიგო. დუშან უჰრინმა თბილისურ კლუბს სადებიუტო სეზონშივე დაატყო თავისი ხელი და დინამოს ნანატრი სტაბილურობა და დისციპლინა შესძინა. დედაქალაქელებმა სეზონი ერთ დონეზე, პრაქტიკულად, ჩავარდნის გარეშე განვლეს და ჩემპიონობა ხუთწლიანი ინტერვალის შემდეგ იზეიმეს. რასაკვირველია, ამაში უჰრინის წვლილი ძალიან წონადია.
საუკეთესო მეკარე – გიორგი ლორია
27 წლის გიორგი ლორიამ გასულ ჩემპიონატში 24 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაუშვა, მეორე ეტაპზე კი მისი კარი მეტოქეებმა მხოლოდ და მხოლოდ ორჯერ დალაშქრეს! ლორია სტატისტიკის გარეშეც გამოსარჩევია. იგი დინამოს ლიდერი და კაპიტანია, რომლის საიმედო თამაშზეც დიდად არის დამოკიდებული თბილისური კლუბის წარმატება.
საუკეთესო მცველი – გივი კვარაცხელია
ოთარ ხიზანეიშვილი, გიორგი რეხვიაშვილი, გიორგი გველესიანი, უსტარიცი, გიორგი შაშიაშვილი, ისინი სეზონის მსვლელობისას თბილისის დინამოს დაცვის ცენტრში მორიგეობით იყვნენ გივი კვარაცხელიას პარტნიორები, ამ უკანასკნელის პოზიციები კი ძირითად შემადგენლობაში ურყევი იყო. ჩემპიონატის 32 მატჩიდან 34 წლის მცველმა 31 ჩაატარა და 3 გოლიც გაიტანა. გამოცდილი უკანახაზელი დინამოს ერთ-ერთი ლიდერი და ახალგაზრდა თანაგუნდელებისთვის მაგალითის მიმცემია. სოლიდური საფეხბურთო ასაკის მიუხედავად, კვარაცხელია, რომელიც დინამოს სეზონის წინ რუსთავის მეტალურგიდან დაუბრუნდა, კვლავ ჩინებულ კონდიციებშია.
საუკეთესო ნახევარმცველი – მიკელ ალვარო
30 მატჩი და 14 გოლი - ეს არა მხოლოდ ნახევარმცველისთვის, თავდამსხმელისთვისაც კი შესაშური შედეგიანობაა. მიკელ ალვარო დინამოს ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია და თამაშის შემოქმედებითი მანერის გარდა, აქვს უნარი, გადამწყვეტ და კრიტიკულ მომენტებში გუნდს გამარჯვება მოუტანოს.
ასე მაგალითად, 30 წლის ესპანელმა საყრდენმა მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა ქუთაისის ტორპედოს კარში, დილასთან გასვლით შეხვედრაში კი საჩემპიონო გასროლა განახორციელა. ალვაროს შეუძლია როგორც მნიშვნელოვანი, ასევე ძალიან ლამაზი გოლების ავტორობა.
საუკეთესო თავდამსხმელი – ჩისკო
საუკეთესო თავდამსხმელი, საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო ლეგიონერი - სამივე ეს წოდება ჩისკოს მივაკუთვნეთ და ვეჭვობთ, ალტერნატიული აზრი არსებობდეს.
თუ ვინმეზე ითქმის, დინამოს უმთავრესი მამოძრავებელი ძალააო, უპირველესად, დედაქალაქელთა 32 წლის ესპანელ შემტევზე. არასტაბილურად ჩატარებული წინა სეზონის შემდეგ ჩისკომ სრულად გამოავლინა თავისი კლასი.
ვალენსიას, ბეტისისა და ლევანტეს ყოფილმა ფეხბურთელმა თავისი შესაძლებლობები ამჯერად სრულად წარმოაჩინა და დინამოს ჩემპიონობაში მართლაც განსაკუთრებული როლი ითამაშა.
28 მატჩი და 24 გოლი - ასეთ შედეგიანობას ბევრი კომენტარი ნამდვილად არ სჭირდება. ჩისკო, უბრალოდ, შეუდარებელი იყო. რომ არა ულამაზო ქცევისთვის ზუგდიდში მიღებული წითელი ბარათი და დისკვალიფიკაცია, მისი შედეგიანობა, ალბათ, კიდევ უფრო გამოსარჩევი იქნებოდა.
დინამოს მნიშვნელოვანი გოლებით შეეწია ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გასული ჯაბა დვალიც
ავტორები: გია ტუხაშვილი, ლევან ჯანეზაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი ლელო
27. 05. 2013