დღეს დინამო თბილისი თურქულ შეკრებაზე მეოთხე შეხვედრას ჩაატარებს. ჩვენს გუნდს მეტოქეობას აღმოსავლეთ ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი და უკრაინის მოქმედი ჩემპიონი კიევის დინამო გაუწევს. მატჩი ბელეკში გაიმართება და თბილისის დროით 18.00 საათზე დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა Setanta Sports-ის სატელევიზიო არხებზე, Facebook და Youtube პლატფორმებზე იქნება შესაძლებელი.
დინამო კიევი 1927 წელს დაარსდა. კიეველთა საკლუბო ფერები ლურჯი და თეთრია. საშინაო მატჩებს დინამო კიევის ოლიმპიურ სტადიონზე ატარებს, რომელის ტევადობაც 70 000 მაყურებელზეა გათვლილი. დინამო კიევი პოსტ საბჭოთა ქვეყნების ყველაზე ტიტულოვანი კლუბია და დღეისათვის ჩვენს გუნდთან ტანდემში ერთადერთია, რომელსაც უმაღლესი ლიგა არასდროს დაუტოვებია. კიეველები მიმდინარე უკრაინის ჩემპიონატში 18 ჩატარებული მატჩის შემდეგ დაგროვილი 45 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებენ.
დინამო კიევმა 13- ჯერ (რეკორდი) მოიგო სსრკ- ს ჩემპიონატი, 11- ჯერ გახდა ვიცე ჩემპიონი და აიღო სამი ბრინჯაო. ლურჯ-თეთრებმა 9- ჯერ აღმართეს ბროლის თასი და სამჯერ სსრკ- ს სუპერთასი. დინამო უკრაინის რეკორდსმენია 16- ჯერ მოპოვებული საჩემპიონო ტიტულით და 13- ჯერ მოგებული ეროვნული თასით. უკრაინის სუპერთასის მოგება კიეველებმა 9- ჯერ იზეიმეს. საერთაშორისო არენაზე ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ორჯერ 1975 და 1986 წლებში უეფას თასების მფლობელთა თასი მოიპოვა. 1975 წელს დინამო კიევმა უეფას სუპერთასიც აღმართა, დსთ- ს თასი კი ოთხგზის მოიპოვა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, დინამო სამჯერ 1977, 1987 და 1999 წლებში ამ ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. 2009 წელს კი იმავე სტადიაზე ევროპა ლიგაზეც იასპარეზა.
კიეველებმა პირველი შეკრება 17 იანვრიდან ესპანეთში გაიარეს. 21 იანვარს ატლეტიკო პულპილენიოსთან პირველი სპარინგი 4-0 დაასრულეს, მომდევნო დღეს ლუქსემბურგული რასინგი იმავე ანგარიშით დაჯაბნეს. 25 იანვარს კიეველებმა მურსიას 3-1 აჯობეს, ხოლო 27 იანვარს ნორვეგიულ ბოდიო გლიმთან 1-1 ითამაშეს.
31 იანვრიდან მზადების მეორე ეტაპი უკრაინელებმა თურქეთში განაგრძეს და იმავე დღეს ლუდოგორეცთან ისპარინგეს. შეხვედრა უკრაინელებმა 4-1 მოიგეს. 2 თებერვალს დინამო სერბულ ჩუკარიჩკის ეთამაშა და 2-1 იმარჯვა. ორი დღის მერე კიეველები ბულგარულ ლევსკის შეხვდნენ და ყაიმით 1-1 დაცილდნენ. 7 თებერვალს დინამომ 1-0 მონტენეგროს რუდარს აჯობა.
დინამოელთა თავკაცის პოსტზე მეორე სეზონია ცნობილი რუმინელი ფეხბურთის სპეციალისტი მირჩა ლუჩესკუ მუშაობს.