26 იანვარს დინამო თბილისმა თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. კახა ცხადაძის გუნდის მეტოქე უკრაინის პრემიერ ლიგის წარმომადგენელი ლვოვი გახლდათ. მატჩის დაწყებამდე გუნდებმა დინამოს ლეგენდარული ფოტოგრაფის, ბადრი კეთილაძის, ხსოვნას პატივი მიაგეს.
დინამოელებმა ორივე ტაიმი განსხვავებული შემადგენლობით ჩაატარეს. თბილისური კლუბი მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა სათამაშო უპირატესობას, განსაკუთრებით კი, მეორე ნახევარში. დინამომ მეტოქის კართან რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოხერხდა. საბოლოოდ მატჩი გატანილი გოლების გარეშე, ფრედ - 0:0 დასრულდა.
თურქეთში გამართული პირველი ამხანაგური მატჩი გუნდის მთავარმა მწვრთელმა კახა ცხადაძემ შეაფასა:
კახა ცხადაძე: "ყველა საკონტროლო თამაშზე მთავარია დასახული გეგმის შესრულება. უპირველესად რაც ძალიან მნივნელოვანი და კარგია - თამაშმა ტრავმების გარეშე ჩაიარა. ასევე ყველა ფეხბურთელმა მაქსიმალურად თანაბარი დატვირთვა მიიღო. მეორე იყო - ტაქტიკური სქემიდან გამომდინარე დაგეგმილის შესრულება, სხვადასხვა ფაზებში გადასვლა.
პირველ ნახევრის დებიუტში ეს ნაკლებად გამოგვივიდა, თუმცა ბოლოსკენ ახალგაზრდა ფეხბურთელები უკეთ ათამაშდნენ, ოდნავ მეტი სიმწვავე გვაკლდა. მეორე ტაიმში ბევრი მომენტი შევქმენით, პრობლემა რეალიზებაში იყო. ვნახეთ ფეხბურთელების მონდომება, კარგი იყო პრესინგი და ზონებს შორის გადართვა.
სამუშაო და გამოსასწორებელი კიდევ არის, დანარჩენი კი კარგად გამოჩნდება რამდენად შევძლებთ დანახული მინუსების გამოსწორებას. ეს თამაშებიც ზუსტად ამისთვისაა."
დინამო თბილისი 0:0 ლვოვი
დინამო თბილისი: კერესელიძე, ანტილევსკი, გაბედავა, იობაშვილი, გვიშიანი, იაკობიძე (36' ფაჩულია), ბენიო, მექვაბიშვილი, ბიტოკი, ლომინაძე, ჯანგიძე
შეცვალზე შემოვიდნენ: პრიეტო, ხვადაგიანი, კალანდაძე, მაისურაძე, პაპავა, კირკიტაძე, კამარა, ოსეი, მოისწრაფიშვილი, სხირტლაძე, ბილენკი
მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე
ლვოვი: ილუშენკოვი, რომანჩუკი, გრისო, ვასილიევი, იაკიმეცი, ბუსკო, ფელიში, მიშენკო, დოლგი, რემენიაკი, კრუშინსკი
მთავარი მწვრთნელი: ოლეგ დულუბი
დინამო თბილისი მომავალი სეზონისთვის მზადებას თურქეთში განაგრძობს, კახა ცხადაძის გუნდი მეორე ამხანაგურ მატჩს 29 იანვარს სერბული ნაპრედაკის წინააღმდეგ გამართავს.