• Geo
  • Eng
26.01.2022
ჩვენი მეტოქე - ლვოვი

დინამო თბილისი თურქულ შეკრებაზე პირველ ამხანაგურ შეხვედრას დღეს გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე უკრაინის პრემიერ ლიგის წარმომადგენელი - საფეხბურთო კლუბი ლვოვი გახლავთ. მატჩი ბელეკში თბილისის დროით 18.00 საათზე დაიწყება.

 

საფეხბურთო კლუბი ლვოვი 2006 წელს დაარსდა და დღეს საშინაო მატჩებს 35 000-იან არენა ლვოვზე ატარებს. მანამდე კი 2006 წლამდე არსებობდა გუნდი გაზოვიკ-სკალა, რომელიც ძირითადად უკრაინის ჩემპიონატის პირველ ლიგაში გამოდიოდა. სწორედ ამ კლუბის სამართალმემკვიდრედ ითვლება ლვოვი. ჩვენი მომავალი მეტოქის საკლუბო ფერებად ლურჯი, წითელი და ოქროსფერი ითვლება.

 

ქალაქელებს (ამის გარდა ლვოვს ზედმეტსახელად ლურჯ-ოქროსფერ ლომებსაც უწოდებენ) პრემიერლიგაში დებიუტი 2008/09 წლებში ჰქონდათ. 2012 წელს გუნდი ფინანსური პრობლემების გამო გაკოტრდა და მხოლოდ საბავშვო სკოლის სახით აგრძელებდა არსებობას. 2018 წლიდან საფეხბურთო კლუბ ვერესთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ ლვოვმა მათი ადგილი პრემიერლიგაში დაიკავა.

 

მიმდინარე ჩემპიონატში ლვოვი 18 ჩატარებული ტურის შემდეგ დაგროვილი 17 ქულით სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილს იკავებს. შარშან კი ქალაქელებმა ეროვნული გათმაშება მე-8 ადგილზე დაასრულეს.

 

უკრაინელები თურქულ შეკრებაზე 16 იანვრიდან იმყოფებიან. ჩვენმა ოპონენტმა 22 იანვარს ავსტრიულ ჰარტბერგთან ფრედ 0-0 ითამაშა, ორიოდე დღის წინ კი სკოპიეს რაბოტნიჩკისთან მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდა.

 

ლვოვს გასული წლის სექტემბრიდან ბელორუსელი ფეხბურთის სპეციალისტი ოლეგ დულუბი ხელმძღვანელობს. ცოტახნის წინ ლვოვის შემადგენლობაში უკრაინელი ნახევარმცველი, ყოფილი დინამოელი - ბოგდან მიშენკო ჩაირიცხა. გუნდის კუთვნილებაა დინამოს გულშემატკივრისთვის ნაცნობი პერნამბუკუც, რომელიც იჯარით ტირასპოლის შერიფში ასპარეზობს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024