9 მარტს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მესამე ტურში დინამო არენაზე ჩვენი გუნდი ბოლნისის სიონს უმასპინძლებს. შეხვედრა 19 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
8 მარტს დინამოელებმა დიღმის ბაზაზე მატჩისწინა ვარჯიში გამართეს და ხვალინდელ შეხვედრას სრულ მზადყოფნაში ხვდებიან. აქვე გთავაზობთ ამ გუნდებს შორის გამართული ურთიერთშეხვედრების სტატისტიკას.
დღემდე ამ გუნდებს შორის ეროვნულ ასპარეზზე 65 შეხვედრა გაიმართა. ურთიერთშეხვედრებში დინამოელთა უპირატესობა აშკარაა – 51 მოგება, 6 ფრე და 8 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდებაც თბილისელთა სასარგებლოდაა 159/39.
დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა 51 გამარჯვებიდან მეტოქე 21 შეხვედრაში დიდი ანგარიშით დაამარცხეს. აქედან აღსანიშნავია 1996 წელს გამართული მატჩი, რომელშიც ჩვენმა გუნდმა ბოლნისის სიონს 8-0 მოუგო. პოკერი გიორგი დემეტრაძემ შეასრულა, დუბლი ლევან ცქიტიშვილის ანგარიშზეა, ხოლო თითო გოლი ალექსანდრე იაშვილმა და ლევან ხომერიკმა გაიტანეს. ჩვენმა ფეხბურთელებმა სიონის კარში ამდენივე გოლი გაიტანეს 1998 წელსაც, თუმცა საპასუხოდ ერთი გოლი მიიღეს და დაპირისპირება დინამოს გამარჯვებით 8-1 დასრულდა. ლევან ხომერიკმა, რატი ალექსიძემ და გიორგი შენგელიამ ორ-ორი გოლი გაუტანეს სიონს. თითო ზუსტი დარტყმა ლევან ცქიტიშვილის და გიორგი მიქაძის ანგარიშზეა. ყველაზე დიდი სხვაობით დინამომ ბოლნისის სიონი 2000 წელს დაამარცხა, ჩვენმა გუნდმა მეტოქეს 9-0 სძლია. დინამო არენაზე გამართულ მატჩში რობერტ ზირაქიშვილმა და გიორგი მიქაძემ ჰეთ თრიქი შეასრულეს. დუბლი დავით დათვაძემ გაიფორმა და ერთი გოლიც სანდრო გადელიამ შეაგდო.
დინამო თბილისისა და ბოლნისის სიონის ბოლო დაპირისპირება 2019 წლის 28 სექტემბერს შედგა. დინამო არენაზე გამართული მატჩი საყაიმო ანგარიშით 1-1 დასრულდა. ანგარიში გიორგი კუხიანიძემ გახსნა, ხოლო საპასუხო გოლი ლევან ხმალაძის ანგარიშზეა.