დინამო თბილისის მეორე შემადგენლობა ახალი სეზონისთვის მზადებას ბელეკში განაგრძობს. დინამოელებმა დონეცკის შახტართან ამხანაგურ შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ, მეორე სპარინგ მატჩი გამართეს. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა ამჯერად ტულის არსენალის მეორე გუნდი დაამარცხა ანგარიშით - 4-0.
თბილისელებმა სათამაშო უპირატესობა მატჩის დებიუტშივე მოიპოვეს. ზუკა ერაძემ ანგარიში მე-4 წუთზე ნიკა სიხარულაშვილის გადაცემით გახსნა. შეხვედრის 21-ე წუთზე უკვე თავად ერაძემ ჩაიწერა საგოლე გადაცემა, შედეგიანი დარტყმა კი ოთარ აფციაურის ანგარიშზეა. პირველი ტაიმის ბოლოს დემე ჭითაშვილმა ნიკა სიხარულაშვილის გადაცემით ისარგებლა და ანგარიშს სოლიდური სახე მისცა 3-0. მეორე ტაიმი ორიოდე წუთის დაწყებული გახლდათ რა დროსაც ფირუზ გაბიტაშვილმა მატჩის საბოლოო შედეგი 4-0 დააფიქსირა, საგოლე გადაცემა კი ბადრი გოგობერიშვილმა მიიწერა.
დინამოელები მესამე შეხვედრას 23 თებერვალს მოსკოვის დინამოს მეორე გუნდთან გამართავენ, ხოლო 26 თებერვალს მოსკოვის ცსკა-ს მეორე გუნდთან ითამაშებენ.
დინამო 2 4-0 არსენალი 2 ტულა
დინამო 2: კუტალაძე, ჟივიძე, უგრეხელიძე, ერაძე, გაბიტაშვილი, ოსიყმაშვილი, ჭითაშვილი, აფციაური, გოგობერიშვილი, სიხარულაშვილი, ქოჩაკიძე
სათადარიგო სკამი: იობაშვილი, იაკობიძე, უბილავა, ფაჩულია, გოგოტიშვილი, მირზიკაშვილი, ოდიშარია