• Geo
  • Eng
27.12.2021
ანდრეს კარასკო დინამოს აკადემიაში დაბრუნდა

დინამო თბილისის აკადემიის მთავარ მწვრთნელად ანდრეს კარასკო დაინიშნა. ესპანელმა სპეციალისტმა თბილისურ კლუბთან კონტრაქტი 3 წლის ვადით გააფორმა.

კარასკო წარსულში უკვე მუშაობდა დინამოში, 2011-12 წლებში აკადემიის ჩამოყალიბება სწორედ მის სახელს უკავშირდება.

ანდრეს კარასკოს სამწვრთნელო კარიერა საფეხბურთო კლუბ ბარსელონაში დაიწყო, იგი ლა მასიაში 12 წლის განმავლობაში მუშაობდა. ამას გარდა კარასკო სხვადასხვა დროს მალაგას 16-წლამდე და დონეცკის შახტარის 19-წლამდე გუნდების მთავარი მწვრთნელი გახლდათ. ესპანელმა სპეციალისტმა გარკვეული პერიოდი საბურთალოს აკადემიაშიც იმუშავა. აკადემიების გარდა, კარასკოს ძირითად გუნდებთან მუშაობის გამოცდილებაც აქვს - იგი ესპანური საბადელის, ავსტრალიური ვესტერნ სიდნეი უონდერერსის და თურქული კარაბიუკსპორის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ. დინამოში დაბრუნებამდე კი, კარასკო ქუვეითის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა.

ესპანელი სპეციალისტი დინამოს აკადემიაში მუშაობას 2022 წლის იანვრიდან დაიწყებს.

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024